ამარა (კურორტი)
ამარა – (ინგლ. Amara, რუს. Амара), ბალნეო-პელოიდო-კლიმატური კურორტი რუმინეთში, კიმპიის ბერეგანულუის ცენტრალურ ნაწილში, ქ. სლობოძეადან 7 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს ამარას ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე. ზღვის დონიდან 30 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, ველის. ზამთარი ზომიერად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. ზაფხული თბილია და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,3°C. საშუალო ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 63%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 500 მმ-ს. ზაფხულში გაბატონებულია აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის, ხოლო ზამთარში – ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები.
კურორტის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, ხოლო მისი მიდამოების ტერიტორია – ველის მცენარეულობით – ბალახებით (წივანა, ვაციწვერა, თივაქასრა, კეწეწურა და სხვ.), ბუჩქებით (ქონდარა ნუში, გრაკლა, ყორღანი და სხვ.) და ნახევარბუჩქებით.
ამარას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ამარას ტბის დაბალი მინერალიზაციის (M – 9,88 გ/დმ3) ტუტე სულფიდურ-ქლორიდული, მაგნიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს ბრომის იონებს; ამარას ტბის ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი; სუსტი მინერალიზაციის სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი; ველის ჰავა.
ამარას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ამარას ტბის მინერალური წყლის აბაზანები და შესხურებები ამ წყლით; სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა), გამორეცხვები და ინჰალაციები ამ წყლით; სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; ჰაერისა და მზის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ამარაში წასასვლელად: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, ცხვირისა და ყელის დაავადებები; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველგამომყოფი გზებისა და პანკრეასის ქრონიკული პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
ამარაში (დენდრარიუმი, ჟეგალიის ცხენების ჯოგი და სხვ.),
ქ. სლობოძეაში (მუნიციპალიტეტის შენობა (XVIII საუკუნე); მუზეუმები – მუნიციპალური და სოფლის მეურნეობის; წმიდა ვოევოდების სახელობის რუმინული ეკლესია (1628 წელი); სამონადირეო რეზერვაციები – ლუნკა იალომიცეში, სუდიცში, კრინგულ ფრუმოსში და ბუეშტში; კულტურის ცენტრი „იონელ პერლია“ და სხვ.).