ამბაროვკა
ამბაროვკა – (ინგლ. Ambarovka, რუს. Амбаровка) – სოფელი საქართველოში, ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქ. მარნეულიდან 18 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 350 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.
ჰავა _ ველის. ზამთარი რბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 23,9 °C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 510 მმ-ს.
ამბაროვკის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, ხოლო მისი მიდამოები – უროიანი ველისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობით (უროიანი, უროიან-ვაციწვერიანი, ავშნიან-უროიანი და უროიან-ჯაგეკლიანი მცენარეულობა).
ამბაროვკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ორი მინერალური წყალი. ერთი წყალი მოიპოვება ამბაროვკაში, ხოლო მეორე – მის მიდამოებში. ერთი წყალი არის დაბალი მინერალიზაციის (M-5,0-5,3 გ/დმ3) ქლორიდულ-მაგნიუმიანი მინერალური წყალი, ხოლო მეორე – დაბალი მინერალიზაციის (M-5,5-5,8 გ/დმ3) სულფატურ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი.
მბაროვკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვები ამ წყლით.
სავარაუდო ჩვენებები ამბაროვკაში წასასვლელად: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების, შარდგამომყოფი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის დაავადებები.