ამგუ (საკურორტო ადგილი რუსეთში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი ამგუ

ამგუ – (ინგლ. Amgu, რუს. Амгу), ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, პრიმორიეს მხარეში, ტერნეის რაიონში, ქ. ტერნეიდან 215 კმ-ში, ხოლო ქ. ვლადივოსტოკიდან 878 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ამგუს ხეობაში და იაპონური ზღვის უბე ამგუს ნაპირზე, დაბა ამგუს მიდამოებში. საკურორტო ადგილის რელიეფი ვაკეა, რასაც ამგუს მიდამოებში ცვლის ბორცვიან-მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ზომიერად მუსონური. ზამთარი მშრალია და ცივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -11,6°C. ზაფხული ზომიერად თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18,7°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 700 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ივლის-სექტემბერზე. მზის ნათების ხანგრძლივობა შეადგენს 2180-2230 საათს.

კურორტის მიდამოებში გავრცელებულია ტაიგა, რომელშიც გაბატონებულია წიწვოვანნი (ლარიქსი, ნაძვი და კედარი). მთების კალთები დაფარულია: სიხოტეს შქერით, წყლის იელით, ლურჯი და წითელი მოცვით. ქვეტყეში გვხვდება ქარაგოზი.

ამგუს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუბთერმული (T – 32°C) სუსტი მინერალიზაციის (M – 0,3 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი მინერალური წყლები და ზღვისპირა ჰავა.

ამგუში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა); მინერალური წყლის აბაზანები, გამორეცხვები და შესხურებები ამ წყლით; თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში, პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ამგუში წასასვლელად: დასვენება, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღევლგამომყოფი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიები; საყრდენსამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების, კანისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

საკურორტო ადგილ ამგუსა და მის მიდამოებში (მდინარე ამგუს ხეობა; ამგუს დიდი ჩანჩქერი ანუ „შავი შამანი“ მდინარე ამგუზე, კანიონი „ეშმაკის ხახა“; მთები – „ტუმანი“ და „კურორტნაია“; წმიდა ელენეს სახელობის წყარო რადონული მინერალური წყლით მთა „კურორტნაიას” ძირში; ბალნეო-სამკურნალო „ტიოპლი კლიუჩი“ სუსტი მინერალიზაციის ტუტე, სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი, კაჟმჟავა მინერლური წყლით კურორტ ამგუსგან 18 კმ-ში და სხვ.) და დაბა ტერნეის მიდამოებში (სიხოტე-ალინის ბიოსფერული ნაკრძალი; ჭორომიანი მდინარე კემა; კემაამგუს ნაციონალური პარკი; ჩანჩქერები – „კემის მილი“ და „რეკორდული“; ტბები – „მარმარილოს“, „სატურნი“, „საკვანძო“, „არწივის ბუდე“, „ლურჯი მოცვი“, „მადლიანი“; მდინარე სამარგისა და მდინარე კემას ხეობები და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები