ამირეჯიბი ჭაბუა
ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი – (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისში – გ. 12 დეკემბერი, 2013) მწერალი, ყოფილი პოლიტპატიმარი (1943-1959), საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ დირექტორი — (1983-1989), სსრ კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი (1992-1994), შემდეგ — საქართველოს პარლამენტის წევრი (1994-1995), ღირსების ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (1992).
დაიბადა 1921 წლის 18 ნოემბერს, თბილისში. დედა — მარიამ ნაკაშიძე ― პედაგოგი იყო, მამა — ირაკლი ამირეჯიბი — იურისტი; ორივე — ძველი ქართული არისტოკრატული ოჯახებიდან. დედის წინაპრები იყვნენ ნაკაშიძეები, დადიანები, შარვაშიძეები, გურიელები, მიქელაძეები… მამის მხრიდან: ამირეჯიბები, მაღალაშვილები, ქარუმიძეები, ფავლენიშვილები, ჯოხთაბერიძეები…
ჭაბუა ამირეჯიბი თბილისის 46-ე არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიო-ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს III რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის წოდებით. 1939 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1940 წელს გადავიდა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1941 წელს, ომის დაწყებისთანავე გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში. ამ დროისათვის ჭაბუას დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა 1938 წლის დასაწყისში დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, საიდანაც 1942 წელს დაბრუნდა. ემიგრაციაში იყო ბიძა — შალვა ამირეჯიბი, ცნობილი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში. დახვრეტილნი ან გადასახლებულნი იყვნენ სხვა უახლოესი ნათესავებიც. ყოველივე ამის გამო ჭაბუა ამირეჯიბი 1942 წლის აგვისტოში დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, როგორც „არასწორად გაწვეული“.
თბილისში დაბრუნებისთანავე ჭაბუამ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1943 წელს იგი დაპატიმრებულ იქნა იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც ბრალად ედებოდა შეიარაღებული აჯანყების მზადება საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ. ჭაბუას მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. განაჩენი გასაჩივრებულ იქნა პროკურატურის მიერ, როგორც ლმობიერი, და შეცვლილ იქნა სასჯელის უმაღლესი ზომით ― დახვრეტით. სიკვდილმისჯილთა საკნებში სამთვენახევარი ჯდომის შემდეგ განაჩენი ისევ შეცვლილ იქნა ტრიბუნალის მიერ გამოტანილი სასჯელით 25 წლის პატიმრობით. ჭაბუა პატიმრობაში იყო ყარაღანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. ერთ-ერთი გაქცევის გამო მეორედ მიუსაჯეს დახვრეტა. შემდეგ შეუცვალეს ახალი ვადის დამატებით. საერთო ჯამში, რეაბილიტაციით გათავისუფლების ჟამს, მას ჰქონდა სასჯელი 83 წელი: ძირითადი ოცდახუთი, კიდევ ორჯერ ოცდახუთი და რვა — შესრულებული გაქცევებისათვის. პატიმრობაში ყოფნისას მონაწილეობა აქვს მიღებული ყარაღანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი.
ჭაბუა ამირეჯიბი გადასახლებიდან დაბრუნდა 1959 წლის დეკემბერში. 1960 წელს ჟურნალ „მნათობის“ პირველ ნომერში დაიბეჭდა მისი მოთხრობა — „რატომ არ დამაცადე“. ასე დაიწყო ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა 38 წლის ასაკში. ამის შემდეგ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები და სტატიები. წერდა სცენარებს დოკუმენტური და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის. გამოიცა ჭ. ამირეჯიბის მოთხრობების კრებულები: „გზა“ — 1962 წელს, „ძია შოთას ბადია“ — 1965 წელს, არაკების კრებული — „თაფლის წვეთი“ 1968 წელს, რჩეული მოთხრობების კრებული რუსულ ენაზე — „ცენა პერევალა“ 1966 წელს, დაიბეჭდა მოთხრობები: „ჩემი მეჯღანე ბიძა“ 1963 წელს, „ხარის აღსარება“ 1964 წელს, „გიორგა ბურდული“ 1965 წელს.
1972 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომრიდან იწყება ჭაბუა ამირეჯიბის პირველი რომანის „დათა თუთაშხიას“ (1964-1972) ბეჭდვა. ამ წიგნმა მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. იგი ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. დაიდგა მრავალსერიიანი მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია“ ავტორისავე სცენარით. ფილმმა (სხვადასხვა სახელწოდებით) მრავალი ქვეყნის ეკრანები მოიარა.
ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ იქნა 1977 წელს. მაშინ მას ეს პრემია „მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო“ არ მიეცა. 1981 წელს ჭაბუა ამირეჯიბს ფილმ „დათა თუთაშხიას“ შემქმნელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში.
1994 წელს ჭაბუა ამირეჯიბმა დაიწყო ახალი რომანის — „გორა მბორგალის“ გამოქვეყნება. „გორა მბორგალში“ აისახა ჩვენი ეპოქის ის პერიოდი, რომელშიც დაიბადა, აღიზარდა და მუშაობს თვით წიგნის ავტორი. რომანმა მკითხველი საზოგადოებისა და კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1995 წელს იგი დაიბეჭდა მოსკოვის ჟურნალში ― „ზნამია“.
„გორა მბორგალის“ გამოსვლის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბმა განაგრძო მუშაობა ადრე დაწყებულ ისტორიულ ნაწარმოებზე.
1992 წელს ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბს უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის („კრონი“, „ანანია“, „გორა მბორგალის“ რამდენიმე თავი) მთელი მისი შემოქმედების გათვალისწინებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
ჭაბუა ამირეჯიბი 2010 წელს აღიკვეცა ბერად (ბერი დავითი). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
წყარო
- ქართველი პოლიტიკოსები
- ქართველი მწერლები
- საბჭოთა მწერლები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- ქართველი დისიდენტები
- საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის წევრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- დავით გურამიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალრები
- საბას პრემიის ლაურეატები
- ამირეჯიბები