ამპურა
ამპურა - Sorbus graeca (Lodd. ex Spach) Lodd. ex S. Schauer აჭარ. – დათვის ბაბა, გარ.კახ. — კომშა, კომშარა, მეგრ. – თუხთიში ბაცუ, მთიულ. – პურადა, პურისგულა, პურგულა, საპურე, მესხ. – პურისცომა, ხევს. - სამპურა
ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი - ამპურა გვხვდება მეჩხერ ტყეში, ღია კლდოვან ადგილებსა და კლდის ნაშალზე. იზრდება მთის ტყეშიც, საკმაოდ მაღლა, თითქმის ტყის ზედა საზღვრამდე. ამპურა ჩვენში თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ამპურა პატარა ზომის ხეა, ზოგჯერ ბუჩქადაც იზრდება, 2-3 მ სიმაღლისაა. ფოთოლი ქვედა მხრიდან თეთრია, ქეჩისებრ შებუსვილი, დაკბილული, ზედა მხარე მწვანეა და შიშველი. ყვავილი თეთრია, ყვავილედი – ფარი. ნაყოფი მომრგვალოა, წითელი ფერის.
იზრდება ტყის სარტყელში კლდეებზე, ქვიან ადგილებში, ჩამონაზვავებზე. სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფები, რომლებსაც აგროვებენ სრული სიმწიფის პერიოდში. შეიცავს ვიტამინების მდიდარ კომპლექსს, მათ შორის ცხიმების დამშლელს: C, E, B1, B2, P, PP, K, კაროტინოიდებს და ფოლიუმის მჟავას. ფლავონოიდების შემცველობა და თავისუფალი ამინომჟავების რაოდენობა მასში უფრო მეტია, ვიდრე სხვა მრავალ ხილ-კენკროვან კულტურებში, აღმოჩენილია 18 თავისუფალი ამინომჟავა, მათ შორის 8 – შეუცვლელია; ფლავონოიდებს შორის აღინიშნება: რუტინი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი; შეიცავს შაქრებს: გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, სპირტ სორბიტს და სხვ; მთრიმლავ, მწარე და პექტინოვან ნივთიერებებს, ანთოციანებს, ფოსფოლიპიდებს, ორგანულ მჟავებს, სორბინისა და პარასორბინის მჟავებს, ეთერზეთებს, მაკრო და მიკროელემენტებს. ვიტამინების მაღალი შემცველობიდან გამომდინარე, ნაყოფები გამოირჩევა ორგანიზმზე საერთოგამაძლიერებელი მოქმედებით, ხასიათდება აგრეთვე ჰიპოტენზიური, მატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დიურეზული, ოფლმდენი, ნაღველმდენი, სისხლისშემაჩერებელი, სურავანდის საწინააღმდეგო თვისებებით. მედიცინაში გამოიყენება, როგორც პოლივიტამინური საშუალება. მწიფე ნაყოფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ანეიტრალებს ტოქსიკურ ელემენტებს, ზრდის სისხლძარღვების რეზისტენტულობას, იწვევს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს მადას, დადებითად მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს. ნაყოფების ფლავონოიდების ექსტრაქტი ორგანიზმში დასხივებამდე და მის შემდეგ შეყვანით ამაღლებს ნერვული და კუნთოვანი უჯრედების რადიორეზისტენტულობას. დადგენილია, რომ ჰეპატოდამცველ მოქმედებას ფლობს სორბიტი, სორბიტის მჟავა და ორგანული მჟავები.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ნაყოფები ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა, მათთვის უსაფრთხოა ტკბილი სორბიტი, რომელიც ასევე ხასიათდება ნაღველმდენი მოქმედებით, ამცირებს ღვიძლში და სისხლში ქოლესტერინის შემცველობას; ეფექტურია ქრონიკული ყაბზობისა და ნაღვლის სადინარების დაავადებებისას. ნაყოფებში ვიტამინების С და Р შეხამება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადებების, ჰემორაგული დიათეზის პროფილიქტიკისა და მკურნალობისათვის.
ხალხურ მედიცინაში იხმარება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას. წვენი, ნაყენი და ნახარში – საჭმლის მონელების დარღვევების, ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, გაძნელებული ნაღვლის გამოყოფისას; ნაყოფებს იყენებენ ქრონიკული ყაბზობის, მსხვილი და წვრილი ნაწლავის ათონიის, თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების, ცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ; ნაყოფებს და ყვავილებს – ავიტამინოზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, რევმატიზმის, გაციებისა (ოფლმდენი); ქერქის ნახარში მიიღება ჰიპერტონიის დროს, ყვავილების ნახარშს – ჩიყვის, ღვიძლისა და ქალური დაავადებებისას.
უარყოფითად მოქმედებს პროგრესირებადი გინგივიტისა და სტომატიტის დროს; ამპურის ნაყენით პირის ღრუს გამოვლება კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული. ნაყოფის წვენი ასევე მავნეა გასტრიტის და მაღალი მჟავიანობისას. ბიძინაშვილი, 2013.