ამფითეატრონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამფითეატრონი – (ბერძნ. amphitheatron, amphi – ირგვლივ, ორივე მხრიდან და theatron – სანახაობა) – მასობრივი სანახაობისთვის განკუთვნილი ძველრომაული მონუმენტური ნაგებობა, სადაც იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, შერკინებანი მტაცებელ ცხოველებთან, დიდი თეატრალიზებული წარმოდგენები. ეს იყო ბერძნული თეატრის განვითარებული ვარიანტი, ორი თეატრის შეერთება, რამაც წარმოშვა გრანდიოზული მოწყობილობა შუაში ქვიშამოყრილი ელიფსოიდური არენით. არენას გარს ერტყა მაღალი კედელი – „პოდიუმი“, რომელზეც განთავსებული იყო სავარძლები პრივილეგირებული მაყურებლისათვის. პოდიუმის უკან, ზევითკენ მიემართებოდა ღია იარუსები, რომელსაც ასრულებდა დახურული წრიული კოლონადა.

ამფითეატრონს სახურავი არ ჰქონდა. მაყურებელს მზისგან იცავდა სპეციალური საჩრდილებელი – „ველარიუმი”, რომელიც გადაჭიმული იყო ანძებზე. მაყურებელთა ადგილები, რომელიც ქმნიდა გიგანტურ, გასწვრივ ღერძზე წაგრძელებულ ძაბრს, შექმნილი იყო კედლების რადიალური სისტემით და ეყრდნობოდა მიჯრით განლაგებულ ბოძებს. ცარიელი სივრცეები საყრდენ ბოძებს შორის გადახურული იყო ბეტონის თაღებით, რაც ქმნიდა წრიულ ტალანებს და გამოყენებული იყო ფოიედ ან დამატებით გადასასვლელად. იარუსებს შორის კავშირები მყარდებოდა რადიალური და წრიუ- ლი კიბეებით. არენის ქვემოთ, მიწისქვეშეთში განთავსებული იყო მხეცთა გალიები და სცენის მანქანები. არენის ცენტრალურ ნაწილში, როგორც ჩანს, არსებობდა ამწევ-დამწევი მოწყობილობა, რაც ემსახურებოდა თეატრალურ ეფექტებს.

ჩვენთვის ცნობილი უძველესი ამფითეატრონი პომპეიში აგებული იყო 70 წ. ძვ. წ. და იტევდა 15 ათას მაყურებელს.

არქიტექტურული სრულყოფილების და გრანდიოზულობის ნიმუში იყო ამფითეატრონი კოლიზეუმი, აგებული რომში 80 წ. ა.წ. (ამჟამად შემორჩენილია გარე კედლის მხოლოდ ნაწილი).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები