ანაგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკურორტო ადგილი ანაგა

ანაგა – (ინგლ. Anaga, რუს. Анага) – ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. სიღნაღიდან 6, ხოლო ქ. წნორიდან 9 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 400 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – ზომიერად ნოტიო. იცის რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 1,4°C, ხოლო ივლისის _ 25°C. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურაა 13,4°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 600-620 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისშია.

ანაგის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვ.) და ვენახებით. მის მიდამოებში მორიგეობით ცვლის ერთმანეთს უროიანი ველის მცენარეულობა და ძეძვნარი.

ანაგის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია სუსტი მინერალიზაციის (M-1,1- 1,3 გ/დმ3) მეთანიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი.

ანაგის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების სავარაუდო მეთოდია მინერალური წყლის აბაზანების მიღება.

სავარაუდო ჩვენებები ანაგაში წასასვლელად: შარდ-სასქესო ორგანოების, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

ანაგაში (მართლმადიდებლური მონასტრები – ბოდბეში (აშენდა V-VI საუკუნეებში, რესტავრირებული იყო XVII, XIX, XX და XXI საუკუნეებში) და ხირსაში (სოფელ ტიბაანის მახლობლად) (აშენდა VI საუკუნეში, გადაკეთდა VIII, IX XI და XVI საუკუნეებში); ბოდბის გამოქვაბულთა კომპლექსი (XI-XIII საუკუნეები); ვაქირის წინასწარმეტყველის, წინასწარმორბედ წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის და კვირაცხოვლის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიები (შუა საუკუნეები); დავით გარეჯის მართლამადიდებლური ეკლესია (შუა საუკუნეები), სოფელ მაღაროს მახლობლად; თამარის ციხე და წინასწარმეტყველის წმიდა ელია თებზიტელის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (შუა საუკუნეები) სოფელ ძველ ანაგაში; სიღნაღის ციხე (შუა საუკუნეები) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები