ანაკლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ანაკლია – სოფელი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქ. ზუგდიდიდან 30 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ენგურის შესართავთან, მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 3 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი ვაკეა.

სარჩევი

ეტიმოლოგია

ხალხური ტრადიციული გადმოცემით ტოპონიმი ანაკლია (მეგრ. ანარკია) წარმოქმნილა იმ ავბედით დროს, როცა სამეგრელო და მთელი შავი ზღვისპირეთი თურქ დამპყრობლებს ჰქონიათ მოთარეშებული. ხალხში გავრცელებული გადმოცემის მიხედვით ერთხელ სამეგრელოს უამრავი მტერი დასცემია. წაუყვანიათ დიდძალი ტყვე, დაუტაცნიათ მთელი სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი. ერთ-ერთ სოფელში თურქებს თურმე ერთი ქალიშვილი მოწონებიათ, მაგრამ გამწარებულ დედას ქალიშვილი არ დაუნებებია. მაშინ თურქებს დედისათვის პირმშო მკერდიდან ძალით აუგლეჯიათ და გაქცეულან. საბრალო დედას კივილი აუტეხია, ხალხს თურმე საშველად უხმობდა. ყვირილზე ვიღაცას უთქვამს· ანა რკიანს („დედა კივის“). მას შემდეგ იმ სოფლისათვის, სადაც ასეთი შემზარავი ამბავი მომხდარა, ანარკიანს შეურქმევიათ, რომელიც თანდათანობით ანაკლიად გადაკეთებულა. ეს ხალხური ვერსია (დედა კივის – „ანა რკიანს") იმდენად პოპულარულია, რომ დღესაც კი იგი ბევრს სარწმუნოდ ეჩვენება. ამ მხრივ საინტერესოა რ. დვალიშვილის წერილი „ბედი ქართლისა“, რომელშიც ნათქვამია: „ბაკურის ციხესთან მოთარეშე არ იყო მოლეული, ანაკლიასთან დედა მიჰკიოდა გასაყიდად მკერდს მოგლეჯილ შვილს…“

ხალხის ცხოველ მეხსიერებას შემორჩენია კიდევ ერთი საინტერესო გადმოცემა: „ყოფილან სამი ძმები. ცხოვრობენ სიამით, მარა ცოლების სიტყვაზე მოსვლიენ ჩხუბი და ამიზა გაშორებულან ერთიმეორეს. წასულარიენ საცხოვრებლად ზოგი-სით და ზოგი-სით. აი ადგილი მოწონებიენ. დასახლებულა სულ უნცროსი ძმაი. ის ორი ძმა კიდო სხვაგან არიენ. ცხოვრობენ საკუთრად. ერთხელ უმფროსს და შვათანას უთქმია, რო ნავხოთ ერთი, რას შობა აი უმცროსი ძამიეო. მიდიენ, მიდიენ და კარ მიადგენ ზედ სამუშიელში. რაგა ხარ, რაგალი საცხოვრებელია, როგორ მოეწყვეო? უმცროს ძმას უთხრობია, რომეო, ღვთის ბოძებული ადგილია, აფერი სიკეთე არ აკლიაო. დოუთქვამთ მას უკანი არაკლია. აი სახელი თანდათან ანაკლიად გადაკეთებულა“, – მოგვითხრობს გადმოცემა.

ცნობილი ქართველი პოეტის ტიციან ტაბიძის მიხედვით ანაკლია წარმომდგარი ყოფილა ბერძნული ახალშენის „ჰერაკლეას“ სახელისაგან.

ჩვენი სახელოვანი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ანაკლიას ანაკრია ფორმით მოიხსენიებს: „ანაკრიას აღაშენეს ოსმალთა ციხე... აწცა უპყრავთ მათვე“. ვახუშტი იქვე შენიშნავს, ოსმალებმა რუხის ციხე შემუსრეს და ამ ციხის ქვით „ანაკრია აღაშენეს უმტკიცესადო“. ვახუშტის მიერ მოწოდებული ეს ცნობა (რუხის ძველი ციხის დანგრევა და მისივე ნაშალი ქვით ახალი ციხის აგება) შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ტოპონიმ ანაკლიის სწორად გააზრების თვალსაზრისით; რამდენადაც ანაკლია, ჩვენი ფიქრით, წარმომდგარი უნდა იყოს თურქ. jänikale ფორმისაგან, რაც ქართულად ახალ ციხესიმაგრეს ნიშნავს: jäni („ახალი“) და kale („ციხე-სიმაგრე“). თავდაცვითი ნაგებობის სახელად თურქ. Еникле („ახალი ციხე“) ყირიმშიც (ქერჩი) არის დადასტურებული“.

ჰავა

ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,4°C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 22,9°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1400-1680 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 70%-ს, ხოლო მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2100 საათს.

მცენარეული საფარი

კურორტისა და მისი მიდამოების ზღვისპირა ზოლში გავრცელებულია ქვიშიანის ბალახეულობა და ბუჩქნარი, რომელსაც დაჭაობებულ დაბალ ადგილებში ცვლის მურყნის ტყეები.

კურორტი

ანაკლიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ანაკლიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.) და ქვიშის აბაზანები.

ჩვენებები ანაკლიაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები: ანაკლიასა და მის მიდამოებში

უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელობის მართლმადიდებლური გუმბათოვანი ეკლესია (XIV საუკუნის II ნახევარი) და დადიანების სასახლე (XIX საუკუნე) ზუგდიდში; კორცხელის ციხე – „ჩიჟის კარი“ სოფელ ბასის მიდამოებში (XIII-XIV საუკუნეები); კვირეოს ციხე და წინასწარმეტყველის, წინამორბედ წმიდა იოანე ნათლისმცემლის კვირეოს ხატის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია (XVI-XVII საუკუნეები) ნარაზენში; ცაიშის ეკლესია და კომპლექსი ჯეგეთა (XII-XIII საუკუნეები); ანაკლიის (შუა საუკუნეები) და რუხის ციხეები (1636 წელი) და სხვ.).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები