ანალოგია (ენათმეცნიერება)
ანალოგია – (ბერძნ. analogia – შესაბამისობა, შესატყვისობა, მსგავსება), ენობრივ ერთეულთა დამსგავსება (ან დაახლოება) ამავე დონის სხვა ერთეულებთან. ანალოგია ენის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მისი მოქმედება გულისხმობს ენაში არსებული ფორმების, სტრუქტურული მოდელების მიხედვით ახალი ერთეულების შექმნას. ანალოგია ენაში შეიძლება მოქმედებდეს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით, როგორც რეგულარობის განმტკიცების, არსებული სისტემის შენარჩუნების, ისე ახალი ფორმების შექმნისა და ამით საბოლოოდ სისტემის შეცვლის მიმართულებით.
ანალოგია მოქმედებს ენის ყველა დონეზე, იწვევს ფონეტიკური კანონზომიერებებით განუპირობებელ ბგერათცვლილებებს და ამით საგრძნობლად ცვლის სიტყვებს. მაგ., სიტყვაში „დაღმართი“ ღ არ არის ფონეტიკურად განვითარებული ბგერა: იგი ჩართულია „აღმართის“ ანალოგიით, სადაც ღ არის აღ ზმნისწინის შემადგენელი ელემენტი. სიტყვა „უმცროსის“ ანალოგიითაა გაჩენილი მ სიტყვაში „უმფროსი“. ანალოგიის მოქმედების შედეგია ზმნის მორფოლოგიაში მომხდარი ცვლილებები. მაგ., 1 თურმეობითში „მიყიდნია“, „დამიხატნია“ და მისთ. ფორმებში ნ ჩართულია „გამითოხნია“ და მისთ. ფორმათა ანალოგიით, სადაც ნ აწმყოდან (ვთოხნი) არის გადმოყოლილი; ასევე, ენებითი გვარის ერთპირიან ზმნათა თურმეობითის ფორმებში პირის ნიშანი წინ არის გადმოწეული (ნაცვლად ძვ. ქართ. ფორმისა „დამალულვარ“ გვაქვს „და-ვ-მალულ-ვარ'), რაც ორპირიანი ზმნის ანალოგიით უნდა მომხდარიყო (ა. შანიძე).
ანალოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უცხო ენათა შესწავლის ან ბავშვის მიერ მშობლიური ენის დაუფლების პროცესში. ძირითადად სწორედ ანალოგიით ხდება ენის პარადიგმების, კონსტრუქციების ათვისება. ეს კარგად ჩანს იმ შემთხვევებიდანაც, როდესაც ბავშვი უკვე ათვისებულ პარადიგმას ავრცელებს სიტყვათა მთელ კლასზე. მაგ., ამ გზითაა შემოსული ბავშვის მეტყველებაში სებობს ფორმა, მიღებული „არსებობს“ ფორმისაგან, რომელშიც არ გათანაბრებულ იქნა უარყოფის არ ნაწილაკთან; მიდის – მიდიოდა დაპირისპირების საფუძველზეა წარმოქმნილი ბავშვის ენაში მირბის – მირბიოდა დაპირისპირება; თამაშობს – თამაშობდა, მირბის – მირბოდა ფორმათა ანალოგით არის ნაწარმოები ზიოდა – უწყეეტლის ფორმა „ზის“ ზმნისაგან; „კბენია“ და მისთ. ანალოგიითაა მიღებული ხევია და ა. შ.
განსაკუთრებით ფართოდ მოქმედებს ანალოგია დიალექტებში, სადაც, სალიტერატურო ენისაგან განსხვავებით, მეტყველება არანორმირებულია. მაგ., იმერულში ჯდის (შდრ. ზის), ჯდიან (შდრ. ზიან) და მისთ.
ი. ქობალავა