კალანდაძე ანა
კალანდაძე ანა − (დ. 15 დეკემბერი, 1924, ხიდისთავი — გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის საპატიო მოქალაქე, „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენისა და ღირსების ორდენის მფლობელი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში, მოსამსახურის ოჯახში — დედა პედაგოგი იყო, მამა — პროვიზორი. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში 1941 წელს, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.
ლექსებს წერს თერთმეტი წლის ასაკიდან. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“; ლექსების პირველი წიგნი გამოსცა 1953 წელს. პირველივე პუბლიკაციებმა ანას სახელი, პოპულარობა და სიყვარული მოუპოვა. თვითონ პოეტი დღემდე გამოცემული კრებულებიდან თავისი პოეზიის უკეთეს გამოცემებად მიიჩნევს „რჩეულს“ (1976) და ერთტომეულებს (1985, 1987).
ანა კალანდაძის ლექსები მრავალ უცხო ენაზეა თარგმნილი, ისინი უმთავრესად კრებულებსა და ანთოლოგიებში გამოქვეყნდა. პოეტის ლექსები ცალკე წიგნებად გამოვიდა რუსულ, უკრაინულ, რუმინულ და სლოვაკურ ენებზე. ანა კალანდაძე თავადაც თარგმნიდა, მის კალამს ეკუთვნის პუშკინის, ახმატოვას და სხვათა თარგმანები.
გამომცემლობა „საქართველომ“, 1996 წელს გამოსცა ანა კალანდაძის რჩეულ თხზულებათა სასაჩუქრო ორტომეული, რომლის მეორე ტომში ლექსებთან ერთად მოთავსებულია საინტერესო პროზაული ნაწერები: ესსეები, მოგონებანი, ლიტერატურული წერილები.
1952 წლიდან ანა კალანდაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, — ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
ანა კალანდაძე იყო საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
წყარო
- ქართველი პოეტები
- საბჭოთა პოეტები
- ქართველი მთარგმნელები
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საბას პრემიის ლაურეატები
- კალანდაძეები