ანდრონიკაშვილი ლუარსაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Luarsab andronikaSvili.png

ანდრონიკაშვილი ლუარსაბ ნიკოლოზის ძე (1872 – 1939, 19/XII) – იურისტი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ფუძემდებელი, ცნობილი ოქროპირი და სამოსამართლეო საქმის იშვიათი ოსტატობით მწარმოებელი. დაიბადა კახეთში, სოფ. ოჟიოში.

თბილისის I კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიიღო საფუძვლიანი იურიდიული და ფილოსოფიური განათლება. იყო საზღვარგარეთ. 1898 წელს რუსეთის ადვოკატურაში ჩაირიცხა და, მოკლე ხანში, თავისი ნიჭით, ღრმა განათლებით, მაღალი ზნეობითა და უანგარობით სახელი ძლიერ გაითქვა. მხურვალე მონაწილეობა მიიღო „პოლიტიკურთა დამცველი ჯგუფის“ შექმნაში, დიდი ამაგი დასდო თვითმპყრობელობისაგან დევნილ რევოლუციონერთა სასამართლოში დაცვას. 1902 წელს, ი. ბ. სტალინის თაოსნობით მოწყობილ ბათუმელ დემონსტრანტთა დაცვაში თავგამოდებით მონაწილებდა; 1903 წელს, მანვე დაიცვა როსტოვის, თბილისის, ხაშურისა და სხვა ქალაქების რევოლუციური დემონსტრაციების მონაწილე ჯარისა და პოლიციის წინააღმდეგ იარაღით გამოსული და ამის გამო პასუხისგებაში მიცემული მუშები; იმავე, 1903 წელს დაიცვა ბაქოს სამსჯავროში გასასამართლებელი მუშები; 1905 წელს – მუშათა დეპუტატების წევრები; 1906 წელს – ჯავშნოსან „პოტიომკინის“ მეამბოხე მეზღვაური და სხვ. ლუარსაბ ანდრონიკაშვილი ყველა ამ გასამართლებაში გაბედულად ამხელდა მთავრობის მზაკვრობას; დაცვის დროს განმათავისუფლებელ-რევოლუციური იდეების გავრცელება-გახმაურებას ხელს უწყობდა, რასაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თავისი დიდი ცოდნითა და სამოსამართლო საქმის მოხერხებული წარმოებით სასამართლოში ხშირად არღვევდა პოლიტიკურთა ბრალდებას და პასუხისგებაში მიცემულებს სასჯელისაგან ათავისუფლებდა.

1912 წელს, მეოთხე სათათბიროს არჩევნების დროს ტფილისის გუბერნიის კანდიდატი იყო. მას მხარს სოციალ-დემოკრატები უჭერდნენ.

ოქტომბრის რევოლუციის (1917) შემდეგ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საკონსულტაციო მოღვაწეობას შეუდგა: 1917 წელს მონაწილეობდა სისხლის სამართლის დებულებათა გადამსინჯავ კომისიაში. 1919-1920 წწ. ტულის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1920–1921 წწ. – მოსკოვის ინსტიტუტში ფილოსოფიის კურსს კითხულობდა; 1921 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროს შექმნა იურიდიული ფაკულტეტი. აქ წაიკითხა რამდენიმე კურსი (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სამართლის ზოგადი თეორია, საპროცესო სამართალი) და საბჭოთა იურისტების არაერთი თაობა აღზარდა. მონაწილეობდა ამიერკავკასიის ფედერაციისა და საქართველოს სსრ ბევრ საკანონმდებლო აქტის მომზადება-შედგენაში. 1930–1931 წწ. ამერიკაში მიავლინეს, სადაც „საქართველოს მარგანეცის“ ყოფილ მფლობელებთან დავა მოიგო.

გარდაიცვალა 1939 წლის 19 დეკემბერს. დაკრძალეს 23 დეკემბერს, ვერის ახალ სასაფლაოზე. მისი შვილები არიან: აკად. ელეფთერ და ირაკლი ანდრონიკაშვილები.

ლუარსაბ ანდრონიკაშვილის გარდაცვალების ათი წლისთავზე, 1950 წლის 7 იანვარს, სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს საჯარო სხდომა. მოხსენებები წაიკითხეს: 1. პროფ. დ. ი. პოლუმორდვინოვმა „პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“; 2. დოც. თ. წერეთელმა „პროფ. ლ. ანდრონიკაშვილი, როგორც მეცნიერი და პედაგოგი“; 3. მოგონებებით გამოვიდნენ: აკადემიკოსები აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, პროფ. გ. გეხტმანი, დოცენტები ბ. ჟღენტი და ნ. ლომსაძე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ლასხიშვილი, გ. მემუარები (1885-1915). – ტფ., 1934. – გვ.: 279, 297;
  2. აკად. ივ. ჯავახიშვილის, აკად. ნ. მუსხელიშვილისა და სხვათა (22 მეცნიერის) ხელმოწერილი // კომუნისტი. – 1939. – № 294; Памяти проф. Л. А. Андроникашвили // Заря Востока. – 1939. – № 294;
  3. Заря Востока. – 1939. – № 293. – с. 4;
  4. Проф. Сургуладзе, И. А., Макашвили, В. Памяти проф. Л. Н. Андроникашвили // Заря Востока. – 1945. – № 2;
  5. მაყაშვილი, ვ. ლუარსაბ ანდრონიკაშვილი // კომუნისტი. – 1950. – 7 იანვარი. – № 5.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები