სალუქვაძე ანზორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანზორ სალუქვაძე-დან)
სალუქვაძე ანზორ – (1931 – 2001), ქართველი დრამატურგი, მწერალი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. კინოში მოღვაწეობდა 1960 წლიდან. სცენარის ავტორია ფილმების: „ზღვის ბილიკი“ (1962), „აღმაფრენა“ (1964), „სალამური“ (1964), „ვედრება“ (1967), „განგაში” (1968), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „უბედურება” (1979), „წიგნი ფიცისა“ (1983), „მოკვეთილი“ (1992) და სხვა.
პირველი ლექსები 1957 წელს გამოაქვეყნა; 1973 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული; სიკვდილის შემდეგ გამოსცეს მისი ლექსების, ბალადების და პოემების კრებული „იასამანი“ (2002).
- იასამანი
- გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,
- ასეთ სილამაზეს მივესალმები.
- ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
- თუ არ ჩამატანეთ იასამნები!
- მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,
- გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,
- ქალივით ჩურჩულებს იასამანი,
- თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.
- ნიავი, მაისი, ბაღში, სავანეში...
- ასეთ მაისებში გზაა სავალი!
- ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
- თუ არ ჩამატანეთ იასამანი!