სალუქვაძე ანზორ
ანზორ სალუქვაძე – (დ. 11 დეკემბერი, 1932 – გ. 19 სექტემბერი, 2001), ქართველი პოეტი, კინოდრამატურგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1931 წლის 11 დეკემბერს თბილისში, ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული ოჯახში ბავშვობიდანვე შთაენერგა, რადგან მამა ― სერგო სალუქვაძე — თეატრალური მოღვაწე იყო: დრამატურგიც, პოეტიც, სუფლიორიც, დეკლამატორიც.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისურ ენას ეუფლებოდა, მერე, რეზო თაბუკაშვილის რეკომენდაციით, 1957 წლიდან ცნობილი კინოდრამატურგის მიხეილ ბლეიმანის სასცენარო სახელოსნოში განაგრძო სწავლა. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო-სარედაქციო კოლეგიაში.
ა. სალუქვაძის ავტორობითა და თანაავტორობით შეიქმნა სცენარები შემდეგი ფილმებისათვის: „ქართველი მევენახეები“, „სამი სიმღერა საქართველოზე“, „ზღვის ბილიკი“, „აღმაფრენა“, „გზაში“, „სალამური“, „ვედრება“, „ფილატელისტის სიკვდილი“, „განგაში“, „მხიარული რომანი“, „ვერის უბნის მელოდიები“, „უბედურება“, „უმცროსი და“, „ჩიტის რძე“, „ინდი-მინდი“, „წიგნი ფიცისა“, „მოკვეთილი“. მისი რედაქტორობით გამოსულია ოცდაათზე მეტი ფილმი.
ხსენებული კინოსურათებიდან ბევრია დაჯილდოებული როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ისე საერთაშორისო პრემიებით. ასე მაგალითად, „ვედრებას“ წილად ხვდა სან-რემოს საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია, „ვერის უბნის მელოდიები“ დაჯილდოვდა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიენიჭა კათოლიკური ეკლესიის მიერ დაწესებული პირველი პრემია.
ანზორ სალუქვაძის ლექსები პირველად დაიბეჭდა 1957 წელს ჟურნალ „ცისკრის“ პირველივე ნომერში. მისი მთავარი პოეტური კრებულია „ლექსები და პოემა“. პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულია მისი „სონეტების გვირგვინი“, აგრეთვე პოემა „ნანილი“.
1985 წელს ანზორ სალუქვაძეს, როგორც ფილმ „წიგნი ფიცისას“ სცენარის ავტორს, კინოსურათის სხვა ავტორებთან ერთად, რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი ლექსების, ბალადების და პოემების კრებული „იასამანი“ (2002).