ანთალია
ანთალია, ადალია – (Antalya, Adalya; Анталия, Адалия), ზღვისპირა ქალაქი და კლიმატური კურორტი სამხრეთ თურქეთში, ანთალიის ვილაიეთში, ქ. ანკარიდან 405 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. ბურდურიდან 96, ხოლო ქ. ისპარტიდან 104 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს დასავლეთ ტავრის ქედის ძირში, ხმელთაშუა ზღვის ანთალიის ყურის ნაპირზე, ზღვის დონიდან 30 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია და წვიმიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 9,6°C. ზაფხული თბილია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 27°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 1120 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზამთარზე (634,5 მმ), ხოლო მინიმუმი – ზაფხულზე (19,8 მმ).
კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია: პალმები, კვიპაროსები, ზეთისხილისა და ბანანის ნარგავები, ოლეანდრები და სხვადასხვა სახის ყვავილი. დასავლეთ ტავრის ქედის ფერდობები დაფარულია ფიჭვნარით, ზეთისხილისა და ციტრუსების კორომებით, ფინიკის პალმებისა და ბანანების პლანტაციებით.
ანთალიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.
ანთალიის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).
ჩვენებები ანთალიაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
ტურისტული ობიექტები:
კურორტ ანთალიასა და მის მიდამოებში (პალეოლითის ხანის ადამიანთა მოღვაწეობის იარაღები მთა ჩანზე მდებარე კარაინის გამოქვაბულში (ძვ.წ. VIII-VII ათასწლეული); რომაული პერიოდის ციხესიმაგრის კედლების (ძვ.წ. II-I საუკუნეები) და სამთაღიანი ჭიშკრის (ძვ.წ. 130 წელი) ნაშთები; XIII-XIX საუკუნეებში აგებული მეჩეთები (მურად ფაშასი, იივლის, ისკელესა და თეკელი მეხმედ ფაშასი), მინარეთები (იივლისა და კესიკის) და მოცეკვავე დერვიშების მონასტერი „მევლევიხანე“; წმიდა ავლიპი სტოლპნიკის სახელობის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია (1848 წელი);
ხიდირლიკის კოშკი (XV საუკუნე); საათ კულესის კოშკი (XVII საუკუნე); მუზეუმები _ არქეოლოგიური, სუნისა და ინანა კირაჩის და სხვ.; ათათურქის სახლმუზეუმი და ძეგლი (XX საუკუნე); აკვაპარკები – აკვალენდი, დედემანი და ატლანტისი; პარკები – კარა-ალი-ოღლუს, ათათურქის, მერმერლის, კონიალტის, იავუზ ოზჯანისა და რედჟეფ ბილგინის; ნილოფერის ტბა და სხვ.); ქ. ისპარტასა და მის მიდამოებში (სელჯუკთა ციხესიმაგრე (XIIIსაუკუნე); ისპარტის ციხესიმაგრე (XIV საუკუნე); მეჩეთები – ხიზირ-ბეის (1317 წელი), ბაზრის ანუ ულუს (1417 წელი) და ფირდევს-ფაშის (XVI საუკუნე); დახურული ბაზარი (1561 წელი); XIV-XV საუკუნეების შენობები; როზარიუმები; ეგრიდის ტბა და სხვ.),
ქ. ბურდურსა და მის მიდამოებში (ნასახლარი (ძვ.წ. VII-VI ათასწლეული) სოფელ კურუჩაის ტერიტორიაზე (ქ. ბურბურიდან 15 კმ-ში), ქვის ხანის ადამიანთა ცხოვრების (ძვ.წ. XV-X ათასწლეული) ნაკვალევი, სოფელ ხაჯირალის ტერიტორიაზე, (ქ. ბურდურიდან 24 კმ-ში), ძველი ქალაქი საგალასის (II საუკუნე) ნანგრევები (ქ. ბურდურიდან 30 კმ-ში); XVII საუკუნის შენობა ბაკი ბეი მენსიონი; ულუჯა მის მეჩეთი (1925 წელი); მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ინსუიუს გამოქვაბული ტბებით; ბურდურისა და სოლდოს ტბები და სხვ.).