ანთაძე ცისანა
ანთაძე ცისანა – (1940), პოეტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში, 1940 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი მათემატიკის სპეციალობით.
გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „სათავეებთან“ (თანაავტორია, 1968); „ლექსები“ (1971); „ბილიკ-ბილიკ“ (1974); „მზეო მაღალო“ (1978); „ლამაზი სიზმარი“ (1982); „მოეფერეთ შემოდგომის ჩიტებს“ (1990); „რჩეული“ (2000); „აღსარება“ (2014).
ავტორია მონოგრაფიებისა: „ღვაწლით გალამაზებული სიცოცხლე“ (2011), „სავსე ქართული პატიოსნებით“ (2010), „ადამიანი“ (2012), „სიტყვა ლამარა ბოლქვაძეზე“, „ღირსეული", „ნური ვერძაძე“, „ანა“ (ანიკო დუმბაძე, 2003).
ქართულ პერიოდულ პრესასა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიცისტური წერილი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ვლადიმერ ვისოცკისა და ტარიელ ცხვარაძის ლექსები.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარაში“, რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში.
1991-1996 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მუდმივი კომისიის თავმჯდომარე. 1996-2004 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარედ. 2004-2012 წლებში უძღვებოდა გაზეთ „აჭარა P.S.“-ის ლიტერატურულ რუბრიკას.
1995-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს მწიგნობართა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციას.
რედაქტორია 20-ზე მეტი წიგნისა.
სარედაქციო კოლეგიის წევრია ჟურნალ „ჭოროხისა“ და გაზეთ „აჭარა P.S.“-ისა.
მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
1. შემოქმედებით საქმიანობაში მიღებული წარმატებებისათვის დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
2. ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სიგელით.
3. ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაჯილდოებულია ანა კალანდაძის პრემიით.
4. ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება.
5. ლაურეატია სრულიად საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიისა (მონოგრაფიისათვის „სიტყვა ლამარა ბოლქვაძეზე“).
6. საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის მიერ, წიგნისათვის – „აღსარება“ – დაჯილდოებულია ფრიდონ ხალვაშის სახელობის პრემიით.
7. საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ „ჰაიოს-ქართლოსის“ გადაწყვეტილებით, სომხეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისათვის მინიჭებული აქვს წმინდა მესროპ-მაშტოცის სამახსოვრო მედალი.
საქართველოს მეცნიერებათა ფაზისის აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით (28.10.2016) არჩეულია ფაზისის აკადემიის ნამდვილ წევრად.