ანომალიური პიროვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანომალიური პიროვნება - ზოგიერთი ტიპის პიროვნება აშკარად ანომალიურია. მაგ., პარანოიდულ პიროვნებას ახასიათებს უკიდურესი ეჭვიანობა, სენსიტიურობა და უნდობლობა. თუმცა, ძალიან ძნელია ნორმალური და ანომალიური პიროვნების ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნა. ისიც კი ძნელი გადასაწყვეტია, თუ რა კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ მათ გასამიჯნად. ამ მიზნით ორი კრიტერიუმი იქნა შემოტანილი: სტატისტიკური და სოციალური.

სტატისტიკური კრიტერიუმი

სტატისტიკური კრიტერიუმის მიხედვით ანომალიური პიროვნება ნორმალურისგან რაოდენობრივი მახასიათებლებით განსხვავდება. მათი გამყოფი ხაზი განისაზღვრება შესაბამისი მაჩვენებლით, რომელიც ქულების გარკვეულ რაოდენობაში გამოიხატება. ასეთი სისტემა ძალიან მიმზიდველია, რადგან ის შეესაბამება მეთოდს, რომელსაც წარმატებით იყენებენ ინტელექტუალურ განვითარებაში გადახრების განსასაზღვრად. ასეთ მეთოდს, კვლევისთვის აშკარა ღირებულება გააჩნია, მაგრამ მისი სარგებლიანობა კლინიკურ მუშაობაში ჯერჯერობით არ ყოფილა დადგენილი.

სოციალური კრიტერიუმი

სოციალური კრიტერიუმის გამოყენებისას ანომალიური პიროვნული თვისებები იწვევს თავად ამ თვისებების მატარებელი ადამიანის ან მის გარშემო მყოფი პირების ტანჯვას. მაგ., ანომალიური სენსიტიურობა და პესიმიზმი თავად ამ თვისებების მატარებელი პირის ტანჯვის მიზეზია, ხოლო სიცივე და აგრესიულობა სხვა ადამიანების ტანჯვის გამომწვევია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კრიტერიუმები სუბიექტურია და მათ აკლია სიზუსტე, რომელიც სტატისტიკურ მიდგომას ახასიათებს, ისინი შეესაბამება კლინიკური პრაქტიკის რეალიებს და, ამის გამო, ფართოდ არის მიღებული.

თუ გავითვალისწინებთ ამ სფეროში კონცეპტუალური ხასიათის პრობლემების არსებობას, არ გაგვიკვირდება, რომ ანომალიური პიროვნების დამაკმაყოფილებელი დეფინიცია რთული შესამუშავებელია. ICD-9-ში პიროვნული აშლილობები ასეა აღწერილი:

ეს არის ინდივიდის პიროვნული და ქცევითი ტენდენციების დარღვევა, რომელიც უშუალოდ არ მომდინარეობს დაავადებიდან, თავის ტვინის დაზიანებიდან ან რომელიმე ფსიქიკური აშლილობიდან. ის, ჩვეულებრივ, მოიცავს პიროვნების რამდენიმე სფეროს და თითქმის ყოველთვის არის ასოცირებული მნიშვნელოვანი ხარისხის დისტრესტთან და სოციალურ დისფუნქციასთან. ამგვარი დარღვევა, ჩვეულებრივ, ვლინდება ბავშვობას ან მოზარდობაში და ზრდასრულობის ასაკშიც ნარჩუნდება.

ICD-10-ში განსხვავებული დეფინიციაა გამოყენებული ქცევითი პატერნების სიმყარის თვალსაზრისით, მაგრამ ICD-9-ის დეფინიცია უფრო ლაკონურია, და, შესაბამისად, უფრო ღირებული.

აღსანიშნავია, რომ პიროვნების მიერ განცდილი დისტრესი, რომელიც ICD-9-ში არის ნახსენები, შეიძლება მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს (მაგ., ხანგრძლივი მხარდამჭერი ურთიერთობის დაკარგვის შემდეგ). გარდა ამისა, ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) აღინიშნება პროფესიულ და სოციალურ ქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ დეფინიციები ანომალიურ თვისებებზეა ფოკუსირებული, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ანომალიური ნიშნების მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, ახასიათებთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. კლინიცისტმა ყოველთვის უნდა შეაფასოს ორივე ტიპის თვისებები, რათა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მართვის გეგმა სწორედ პაციენტის დადებით თვისებებზე დააფუძნოს.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები