ანონიმი
ანონიმი – (ბერძ ანონიმოს – უსახელო), ნაწარმოების ავტორი, რომელმაც არ გაამჟღავნა თავისი სახელი. მაგალითად, ცნობილია, რომ ა. რადიშჩევმა თავისი „მოგზაურობა პეტერბურგიდან მოსკოვამდე“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა.
მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ანონიმურ ნაწარმოებთა ავტორების ვინაობის დადგენა.- მაგალითად, ამ ბოლო დრომდე ანონიმურ ნაწარმოებად ითვლებოდა ე. წ. არეოპაგიტული კორპუსი (ოთხი ფილოსოფიური ტრაქტატი და ათი ეპისტოლე). მეცნიერებისათვის ცნობილი იყო, რომ ავტორმა გარკვეული მიზეზის გამო ისინი მიაწერა I საუკუნის მოღვაწეს, ათენის არეოპაგის უმაღლესი სასამართლოს წევრს, შემდგომში პავლე მოციქულის მიერ მოქცეულს, ათენის ეპისკოპოს დიონისე არეოპაგელს. ქართველი მეცნიერის შალვა ნუცუბიძის გამოკვლევამ „ფსევდო-დიონისეს საიდუმლოება“ (1942 წ.), ხოლო შემდეგ ბელგიელი მკვლევარის ე. ჰონიგმანის ნაშრომმა „პეტრე იბერი და ფსევდო-დიონისეს თხზულებანი“ ცხადყო, რომ აღნიშნული თხზულებების ავტორია V საუკუნის გამოჩენილი მოღვაწე პეტრე იბერი.