ანონიმური ალკოჰოლიკები
„ანონიმური ალკოჰოლიკები“ (AA) - არის ორგანიზაცია, რომელიც პირველად ჩამოაყალიბა ორმა ალკოჰოლიკმა მამაკაცმა (ქირურგმა და ბროკერმა) აშშ-ში და რომლის მიზანსაც საკუთარი თავისთვის დახმარების გაწევა წარმოადგენს.
შემდგომში ამგვარი ორგანიზაციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაარსდა. მისი წევრები დიდი ხნის მანძილზე კვირაში ორჯერ ესწრებიან ჯგუფურ შეხვედრებს. კრიზისულ სიტუაციებში მათ ტელეფონის მეშვეობით შეუძლიათ ჯგუფის სხვა წევრებისგან დაუყოვნებელი დახმარების მიღება. ორგანიზაციაში მყარად იცავენ შემდეგ პრინციპს: მისმა წევრებმა ალკოჰოლის მიღებაზე საერთოდ უნდა თქვან უარი. დღესდღეობით ბრიტანეთში ანონიმური ალკოჰოლიკების დაახლოებით 1200 ჯგუფი არსებობს.
ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირები ხშირად თავს არიდებენ ასეთ ჯგუფებში გაერთიანებას, რადგან ჯგუფური შეხვედრები საკუთარი პრობლემების შესახებ ემოციურად დატვირთულ საჯარო საუბარს გულისხმობს. ორგანიზაციას დიდი სარგებლობა მოაქვს ალკოჰოლდამოკიდებული პირებისთვის, ამიტომ ისინი უნდა წავახალისოთ, გაერთიანდნენ ამ ჯგუფებში.
მკურნალობის მიმართ „ანონიმური ალკოჰოლიკების” მსგავსი მიდგომაა გამოყენებული ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ თერაპიაში, რომელიც MATCH-ის პროექტში ხორციელდება. აღმოჩნდა, რომ მკურნალობის გამოყენებულ მეთოდებს შორის ეფექტურობის თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, პაციენტები, რომლებსაც ნაკლები ფსიქიატრიული პრობლემები აქვთ, MATCH-ის პროექტში მონაწილეობისას უკეთეს შედეგებს აღწევენ, ვიდრე „ანონიმური ალკოჰოლიკების” პროგრამით მკურნალობის დროს.