ანჟამბემანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანჟამბემანი – (ფრანგ. enjambement - გადატანა), მეტყველების მარკირებული ფორმის – ლექსის რიტმული ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: სინტაქსურად მთლიანი ფრაზის (ან სინტაგმის) გადატანა ერთი სტრიქონიდან მომდევნოში, ანუ ფრაზის მეტრული და სინტაქსური დაბოლოების თანხვედრის დარღვევა, მათი ე. წ. ინტონაციური კონფლიქტი. ფართო გაგებით ანჟამბემანი ეწოდება სალექსო მეტყველების მეტრული (რიტმული) და სინტაქსური დანაწევრების ნებისმიერ დაუმთხვევლობას ერთი ფრაზის (წინადადების) ფარგლებში, მაგ., ცეზურით მყარი სიტყვათშეხამების გაყოფას ერთი სტრიქონის ფარგლებშიც კი.

ქართულ ფილოლოგიაში გაბატონებული თვალსაზრისით, ანჟამბემანის გაჩენა ქართულ პოეტურ მეტყველებაში ნ. ბარათაშვილის სახელს უკავშირდება (ა. გაწერელია, ა. ხინთიბიძე). ანჟამბემანის სიძველის უარსაყოფად მიღებული არგუმენტის თანახმად, იგი გამოწვეულია ცეზურის შესუსტებით: სადაც ძლიერია ცეზურა, იქ ანჟამბემანი არ ჩნდება და – პირიქით. მათი თანაარსებობა არაკანონიკურად არის მიჩნეული (ა. ხინთიბიძე), მაგრამ, როგორც ქართული (და ქართველური) მარკირებული მეტყველების ნიმუშებიდან ჩანს, ლექსთწყობაში ანჟამბემანი ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ხალხურ, ასევე პროფესიულ პოეტურ მეტყველებაში (მ. ქურდიანი. ა. სილაგაძე):

ძმაილამ, ძმაო, შენ მამკლავი / ხატშია ვნახე, სერობასა… (ხმით ნატირალი);

თათარას ჯალაბაურის, / შვილს ყამარიძე ჰქვიანო… (ხალხური);

აჰა ბეჭედნი საფლავისანი ჰგიან / აღუტეხელად, აჰა სამისა დღისა / მკუდარი განხრწნადი აღდგომილ არს უხრწნელად… (მიქაელ მოდრეკილი, X ს);

ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა / არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა… (შოთა რუსთაველი);

ნავაის ესე ამბავი ჩაღათურისა ენითა / უთქვამს, და მისებრ მელექსე სხვა ვინმცა ვიაზრენითა?… (ნ. ციც., XVII ს.) და სხვ.

ანჟამბემანი ქართული (და ქართველური) ლექსის მეტრული რეპერტუარის რიტმული ვარირების ერთ-ერთი უძველესი (ფუძეენის დონეზე რეკონსტრუირებადი) ფაქტორია.

მ. ქურდიანი



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები