ანტიკლინი
ანტიკლინი – (ბერძ. antí- წინააღმდეგ და klínein მიყრდნობა, დაყრდნობა, დაფერდება), ქანების ფენათა ნაოჭი, რომელიც ზევით არის ამობურცული. მისი თაღოვანი ნაწილი ზევითაა მიმართული, ხოლო ფრთები ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა დაქანებული.ანტიკლინის გულში უფრო ძველი ქანებია, ვიდრე ფრთებში. ღერძული სიბრტყის მდებარეობისა და დახრის მიხედვით ანტიკლინი შეიძლება იყოს: სწორი, დახრილი, გადაბრუნებული, დაწოლილი, დაყვინთული. ინტენსიური დისლოკაციის დროს ფრთების დაქანება მრავალფეროვანია. მოხაზულობის მიხედვით განასხვავებენ: ხაზობრივ ანტიკლინს – როცა სიგრძე საგრძნობლად ჭარბობს სიგანეს; ბრაქიანტიკლინს – როცა სიგრძე რამდენადმე მეტია სიგანეზე; გუმბათს – როდესაც სიგრძე და სიგანე დაახლოებით თანაბარია. ანტიკლინის საპირისპიროა სინკლინი – ქანების ნაოჭი, რომელიც ზევიდან ქვევით არის გამობურცული.