ანტონოვკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონოვკა

ანტონოვკა - რუსული წარმოშობის ვაშლის ჯიში. საქართველოში ანტონოვკის სახელწოდებით ცნობილია კანადური რენეტი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ნამდვილ ანტონოვკასთან. ნამდვილი ანტონოვკა ჩვენში გვხვდება თითო–ოროლა ხის სახით ქართლის მეხილეობის რაიონებში; სხვაგან საქართველოში ნამდვილი ანტონოვკა არსად გვხვდება. ვაშლის ჯიში ანტონოვკა მეტად გავრცელებულია ჩვენი კავშირის სხვადასხვა მხარეში, უმთავრესად უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, ბელორუსიაში.

ხე ძლიერ ღონიერი ზრდისაა, ინვითარებს განიერ, მაღალი შენების მსხვილტოტებიან ვარჯს, ოდნავ დაშვებული ქვედა ტოტებით. სანერგეშიც ხე მეტად ძლიერად იზრდება. ხე კარგი ყინვაამტანია, რის გამოც ეს ჯიში ჩრდილოეთით მეტად შორს მიდის, ლენინგრადის ზევით.

გარემო პირობებს არ უყენებს დიდ მოთხოვნილებას. უხვმოსავლიანია და მეტად გამძლე ნაყოფს იძლევა.

ჯიშის უხვი მოსავლიანობა, ნაყოფის კარგი ტრანსპორტაბელობა, ხანგრძლივი შენახვის უნარიანობა და კარგი შეგუების უნარი მკაცრ გარემო პირობებთან (დაბალი ტემპერატურა) მას ფართო სამრეწველო ღირებულების ჯიშად ხდის ჩრდილოეთ რაიონებისათვის, სადაც სხვა, მასზე უკეთესი ხარისხის ძვირფასი ევროპული ჯიშები კარგად აღარ გვარობენ.

ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, მოგრძო, მაღალი შენების, ჯამთან შევიწროებული, ყუნწთან კი ოდნავ მომრგვალოა, ნაყოფის საერთო მოყვანილობა საკმაოდ ლამაზია. ნაყოფის ზედაპირი ოდნავ წახნაგოვანია. წახნაგები უფრო მეტად ჯამთანაა გამოსახული, ყუნწთან კი გლუვდება. ნაყოფის ჯამი მთლიანად, ხან ნახევრად, დახურულია და ზის ბორცვიან საკმაოდ ღრმა ღრუში. ნაყოფის ყუნწი წვრილია, მოკლე, მტკიცედ ზის სანაყოფე ტოტზე. ნაყოფი ქარისაგან ადვილად არ სცვივა, ზის საკმაოდ ღრმა ღრუში, რომელსაც არ სცილდება.

ნაყოფის კანი მოკრეფისას ღია მწვანე ფერისაა, საწყობში სრული სიმწიფისას ღია მოყვითალო მომწვანო ფერს ღებულობს. კანზე ზევიდან აყრია ყავისფერი მსხვილი წინწკლები. თუ ნაყოფი მზიან მხარეზეა ნაზარდი, იგი მოწითალო ელფერს ღებულობს. კანი გლუა, საკმაოდ სქელი, ძლიერი სურნელებით.

ნაყოფის ხორცი მოთეთროა, იისფერი ელფერით, მსხვილმარცვლოვანი, საკმაოდ წვნიანი სრულ სიმწიფეში. საერთოდ გემოს მხრივ შეიძლება მიეკუთვნოს მეორეხარისხოვან საოჯახო სუფრის ჯიშებს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები