ანჩისხატის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანჩისხატის წარწერა – VI საუკუნის ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი თბილისის ანჩისხატის ბაზილიკის, ანუ თავდაპირველი სახელწოდებით „მარიამ-წმიდის ეკლესიის“ (გ. ჩუბინაშვილი) დასავლეთ ფასადში ჩასმულ ქვის ორ ფილაზე. ადრე ეს ფილები ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავი ყოფილა (რ. გვერდწითელი). მათზე წარმოდგენილი იყო ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების რელიეფური კომპოზიცია. შემორჩენილია მისი ორი ფრაგმენტი – ცენტრალური ნაწილი „ბოლნური ჯვრის“ გამოსახულებით და მარჯვენა ნაწილი მფრინავი ანგელოზის ძალზე დაზიანებული რელიეფით. დაკარგულია კომპოზიციის მარცხენა ნაწილი – მეორე მფრინავი ანგელოზის გამოსახულებით. წარწერა ამოკვეთილი ყოფილა კომპოზიციის ქვემოთ გრძელ ჰორიზონტალურ სტრიქონად. მოღწეულია მისი მხოლოდ მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტები. ანჩისხატის ტაძრის რესტავრატორმა რ. გვერდწითელმა, შემდეგი ტექსტი აღადგინა: „[უფალო] მეფესა [დაჩი]ს შეხეწიე“. როგორც ჩანს, ასეთი აღდგენა ძალზე პირობითია. სინამდვილეში, წარწერის შემორჩენილ ასოებში იკითხება: „…[…] მფა[რველ ე]ქმენ † ამენ“ (სიტყვები წერია სრულად, დაუქარაგმებლად).

წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით VI-VII სს-ით თარიღდება. იგი, როგორც ჩანს, ტაძრის აგების თანადროულია. VI ს. დასაწყისით ათარიღებს ტაძრის აშენებას გ. ჩუბინაშვილი. ეს თარიღი სპეციალისტთა შორის საყოველთაოდ გაზიარებულია.

ანჩისხატის წარწერა თავისი შინაარსით მოსახსენიებელი ყოფილა და არა სამშენებლო. მეფე დაჩის, ვახტანგ გორგასლის ძის სახელის მოხსენიება მასში მოსალოდნელი არც არის – მართალია, მარიამ-წმიდის ეკლესია მის დროს აშენდა, მაგრამ იგი დაჩის არ აუშენებია. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გვამცნობს: „და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი და კათალიკოსი იყო სამოველ. და მისა ზე ტფილისს კაცნი დასხდებოდეს და მარიამ-წმიდაჲ ეკლესიაჲ აღაშენეს“ (შატბერდული რედაქცია): „და მეათერთმეტე მეფობდა დაჩი და კათალიკოზი იყო სამოელ. ამისსა ზე ქალაქსა თბილის[ს] (sic!) კაცნი დასხდეს და მარიამ-წმიდისჲ ეკლესიას აღაშენეს“ (ჭელიშური რედაქცია). სამოელ (სამოველ) კათალიკოსის როლია გადამწყვეტი ტაძრის მშენებლობაში – იგი მისი ზეობის დროითაა დათარიღებული. ამიტომაა, რომ მარიამ-წმიდა საუკუნეების განმავლობაში ქართლის კათალიკოსის, ხოლო გვიან შუასაუკუნეების საქართველოში კათალიკოს-პატრიარქის კარის ეკლესია იყო.

ანჩისხატის წარწერა აღმოჩნდა 1958–64 თბილისის 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანჩისხატის ბაზილიკის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, როდესაც ეკლესიის კედლები გაიწმინდა გვიანდელი შელესილობისაგან. იგი თბილისში შემორჩენილი უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლია.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები