არაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბა – (ინგლ. Araba, რუს. Араба), მთის კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი იტალიაში, ბელუნოს პროვინციაში, ქ. ბოლცანოდან 75, ხოლო კურორტ ბორმიოდან 42 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. ინსბრუკიდან 73 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს დოლომიტის ალპების ცენტრში, სელის მთიანი მასივის ძირში, მარმოლადის მთის ჩრდილოეთით, ლივინალონგოს ველზე, ზღვის დონიდან 1600-1640 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, საშუალო მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია და ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6°C. ზაფხული გრილია და ხანმოკლე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 16°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1200 მმ-ს. წვიმები უფრო ხშირია სექტემბერში.

არაბასა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი (სოჭი, ფიჭვი, ნაძვი) ტყეებითა და კორომებით.

არაბას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა; იონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

არაბას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები არაბაში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ არაბასა და მის მიდამოებში (ყოვლადქებულთა, თავთა მოციქულთა წმიდათა პეტრესა და პავლეს სახელობის რომაულ- კათოლიკური ეკლესია (XVII საუკუნე); I მსოფლიო ომის მუზეუმი, ზღვის დონიდან 1950 მ-ის სიმაღლეზე; რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (XIX საუკუნე) მთა პუნტა-როკის მწვერვალზე, რომელშიც ასვენია იოანე-პავლე II-ის მიერ ნაკურთხი ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის ხატი „დოლომიტების დედოფალი“ და სხვ.),
ქ. ინსბრუკში (უნივერსიტეტი (XVII საუკუნე); ქალაქის კოშკი (XIV-XVI საუკუნეები); ჰოფბურგის სასახლე (XIV-XVIII საუკუნეები); პროტესტანული ეკლესია – ჰოფკირხე (1553-1562 წლები); წმიდა ანას სვეტი (1706 წელი); მუზეუმები –მხარეთმცოდნეობის, ეთნოგრაფიული და ისტორიული; ოლიმპიური სტადიონი; ბოტანიკური ბაღი და სხვ.)

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები