არაბული ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბული ირაკლი – (1924 – 1993), ქართველი პოეტი, დაიბადა სოფელ წინხადუში (დუშეთი). 1952 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1984 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში” რედაქტორად. პირველი ლექსი „დარიალი” გამოაქვეყნა გაზეთ „მებრძოლის დროშაში” 1944 წელს, პირველი პოეტური კრებული — „ოცნება მთებზე” — 1956 წელს. ავტორია ლექსების კრებულებისა: „გარბენილი ბილიკები” (1958), „დგას გაზაფხული” (1960), „თორელის სიმღერა” (1962), „გულს იქ უხარის” (1968), „წყალჭალა ჩემი” (1970), „კოშკებზე წარწერილი სტრიქონები” (1974), „ხმები” (1984), „კაცითა ერთით...” (1987), „თამარის მონატრება” (1991), „დუმილის სევდა” (1991), „სადაც ვშობილვარ” (1991) და სხვა.


ხევსური ჯურხა
ჯერ აიშლება ფარა ნისლების,
ვით აფრენილი გუნდი სავათთა,
და ჭაუხები – დარბაისლები –
მხვდებიან ვიწრო გადასავალთან.
დამილოცავენ გზას საარხვატოს
და ციხე-კოშკთა ვნახავ სამეფოს,
მსურს ვიგალობო და ვიღაღადო _
აქ სხვა სიმღერის ეშხი მბრძანებლობს.
აქ ენა ისმის მარტო ბუნების,
თითქოს არც არის სხვა სულიერი,
გვიმზერს ციხეთა სათოფურები
იმ გარდასულთა დღეთა იერით.
მთლად წვება ღამე, როგორც კამეჩი,
და მდინარეთა ისმის ბღავილი,
მე შემოვიხვევ ნისლებს ღამეში
არხვატელ ჯურხას ჯიხვის ტყავივით.
მთებმა ყვავილთა ალში გამხვიონ,
გადამაფარონ კალთა ამაღამ;
დამემსგავსები ხევსურს ამღიონს
და შევაბიჯებ მთებში ამაყად.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები