არაგვის კარი (კარიბჭე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარიბჭე „არაგვის კარი“ - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ქალაქ მცხეთის ცენტრში, მშრალი (მონასტრის) ხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება V-VI საუკუნეებით. კარიბჭე 1965-67 წლებში გათხარა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) ამჟამად მოქცეულია ფართო-ეკრანიანი კინოთეატრის ქვეშ, სპეციალურად მოწყობილ შემინულ სათავსში. მისი დათვალიერება შეიძლება ყველა მხრიდან.

„არაგვის კარი“ ჩაშენებულია ძველი მცხეთის ზღუდე-გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში, იქ, სადაც მშრალი ხევი ხელოვნური თხრილით ბოლოვდება. კარიბჭის კედლები (სისქე 0,9 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, წინა მხარე გათლილი ქვითაა მოპირკეთებული (შემორჩენილია გათლილი ქვების თითო რიგი), ხოლო უკანა მხარე, რომელიც ზღუდეს ებჯინებოდა, მოუპირკეთებელია, კარიბჭეს ასაწევ-დასაწევი კარი უნდა ჰქონოდა. შემორჩენილია კარის დირის ფოსო (0,38X0,3 მ). კარიბჭე გარედან გამაგრებულია სექტორის მოყვანილობის კოშკებით (კოშკის რკალის სიგრძე 11,8 მ; კარიბჭისაკენ მიმართული გვერდის სიგრძე 6,65 მ, გალავნის კედელზე მიბჯენილი გვერდისა 7,5 მ), რომლებიც გალავნის კედელზეა მიშენებული.

გალავნის კედლისა და კოშკების ასაგებად წინასწარ მოუსწორებიათ მიწის ზედაპირი და ზედ ნატეხი ქვიშაქვის ქვაფენილი (სისქე 0,3–0,4 მ) დაუგიათ, ქვაფენილში მრავლადაა შერეული რიყის ქვა, კრამიტისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები. შემდეგ ქვაფენილზე ხრეშია დაყრილი, მოსწორებულია და ამის შემდეგაა ამოყვანილი კედლები და კოშკები. ზღუდე-გალავნის კედელი და კოშკები ნაგებია ალიზის აგურით. ქვაფენილი შიგნითა მხრიდან ცოკოლის მსგავსადაა გამოწეული.

საურმე გზა

საურმე გზა (სიგ.კარიბჭეში 314 მ) მოხრეშილ-მოტკეპნილია. კარიბჭის დასავლეთ კედელს გასდევს საურმე გზის დონიდან შემაღლებული (0,1-0,15 მ) ბორდიურით გამოყოფილი, ნატეხი და რიყის ქვით მოკირწყლული საცალფეხო ბილიკი (სიგ. კარიბჭეში 1,3 მ).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები