არამხუტუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამხუტუ – კოლხურ მითოლოგიაში მოძალადეობის განმასახიერებელი პერსონაჟი, „დევკაცი“. თავისი ცხოვრების ნირით და მოქმედებით, როგორც ველური სტიქიის მატარებელი, უპირისპირდება ადამიანთა საზოგადოებას, ადამიანურ კულტურას. იგი მწყემსად დაექირავება ციმინტიებს, რომლებიც შეამჩნევენ, რომ არამხუტუ გზადაგზა ატყავებს ცხვრებს და უმად ჭამს მათ.

ფარის პატრონები მას წმ. გიორგის ხატზე გადასცემენ, მაგრამ მასზე არ მოქმედებს შერისხვა, რადგან ქრისტიანი არ არის. ბოლოს, წმ. გიორგი მის არგანს, რომლის მეშვეობითაც ის ღრმა ხევებს გადაევლება ხოლმე, თაგვს მიუჩენს. თაგვი გამოუღრღნის არგანს და, როცა არამხუტუ ერთი მთიდან მეორეზე ხტება, არგანი შუაზე გადაუტყდება და ისიც ხევში ჩაიჩეხება. ამბობენ, არგნის ნამტვრევები ახლაც წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებაო.

სხვა გადმოცემით, არამხუტუმ ქარდავებს გოგო მოსტაცა. როცა თავისი ძალით ვერაფერი გააწყვეს ქარდავებმა, ქრისტეს შესჩივლეს, შეგვეწიე და არამხუტუს თოფსა და ტყვია-წამალს შენ შემოგწირავთო. ხუთი კაცი დაედევნა არამხუტუს და ქრისტეს შემწეობით ოხაჩქუეს მთასთან (სოფელ ჯვარის მახლობლად) დაეწიენ და მოკლეს. მისი თოფი და ტყვია-წამალი კი დაპირებისამებრ ქრისტეს მიართვეს. მკვდარი არამხუტუ მთაზე დატოვეს. ცოლს არ სჯეროდა მისი სიკვდილი, ასეთ დევკაცს რა მოკლავდაო, და ერთ წელიწადს არ უტირია ქმარი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები