არახვეთი
არახვეთი – სოფელი საქართველოში, მთიულეთში დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე, საქართველოს სამხედრო გზის სიახლოვეს.
სახელწოდება
ადგილობრივ მოსახლეობას ცოცხლად შემოუნახავს სოფლის სახელწოდების წარმოშობის ირგვლივ არსებული რამდენიმე გადმოცემა. ერთი ვერსიის მიხედვით არახვეთი კითხვით შინაარსს შეიცავს: არ ახვედი?
„ლეკიანობის დროს თურმე ბევრ სოფელს არბევდნენ. ეს სოფელი მაგარი ყოფილა. ყველგან მიდენილან და აქ – ვერა. შეხვედრია ვიღაცა ლეკებს და უკითხია:
– იქ არ ახვედითო? ამაზე დაერქვა არახვეთი“.
ანალოგიური ვერსია ჩაუწერია ცნობილ ენათმეცნიერს ლია კაიშაურს: „ხადის ხევი შორად არის, მაგრამ მაინც დაუძახეს: „არ ახვედო“? აქედანაა არახვეთი. მასვე ჩაუწერია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც არახვეთისათვის ამოსავალი თითქოს არაგვეთი ყოფილიყოს:
„დაჰქვივნეს არაგვეთი, არაგვი რო ჩამოუდიოდა აქეთა მხარეს“. საინტერესოა, რომ არაგვეთი არახვეთის ნაცვლად ზოგიერთ ძველ წყაროშიც კი იჩენდა თავს. ასეა ეს სოფელი მოხსენიებული, მაგალითად, საქართველოს მთავარმართებლის ციციშვილის მთიულებისათვის გაგზავნილ უწყებაში, ანანურს შეკრების თაობაზე. როგორც ჩანს, თავადი ციციშვილიც არაგვეთს სწორ ფორმად მიიჩნევდა.“
სხვაგვარი გადმოცემით ამ სოფელში ძველად უცხოვრია ერთ ამანათად მოსულ არხოტელ კაცს. როცა მას სადაურობას ჰკითხავდნენ, ეტყოდა „არახოტიდანა ვარო“. ეს არახოტი თანდათან არახგეტად გადაკეთებულა, ბოლოს კი სულაც არახვეთი გამხდარა. (ვანო ჩიტაური, ს. ჭართალი).
ძნელი სათქმელია, ამათგან რომელი ვერსიაა სინამდვილესთან ახლოს, ან შეიძლება კი რომელიმე მათგანი ანგარიშგასაწევ ვარაუდად ჩაითვალოს? თუ ამ გადმოცემათაგან რომელიმეს მაინც მივცემდით უპირატესობას, მაშინ ჩვენ ყველაზე სარწმუნოდ არხოტიდან ამანათად გადმოსვლის ვერსია უნდა ჩაგვეთვალა, რადგან ხევსურთა მიგრაციის შემთხვევები მთიულეთსა და გუდამაყარში რეალურ ფაქტად არის მიჩნეული.