არბიტრაჟი
არბიტრაჟი - (διαιτία), დავის განსახილველად წარდგენა ნეიტრალური პიროვნების ან ორგანიზაციისათვის, რომელთა განაჩენის ცნობის შესახებაც მოდავე მხარეები წინასწარ დებდნენ პირობას.
არბიტრაჟი ძველ საბერძნეთში
საარბიტრაჟო სასამართლო ბერძნებისათვის ცნობილი იყო ადრეული პერიოდიდან. ამგვარი სასამართლოს არსებობა დასტურდება სპარტაში, გორტინაში, ეფესოსსა და ლამპსაკოსში, თუმცა მათი ფუნქციონირების დეტალური აღწერა ჩვენ მხოლოდ ათენის პრაქტიკიდან მოგვეპოვება. იქ ხშირად ქირაობდნენ კერძო დიაიტეტესებს, რომლებიც დავის მოგვარების დროს სამართლებრივ ნორმებზე მეტად სამართლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. კერძო დიაიტეტესების გვერდით საჯარო დიაიტეტესებიც არსებობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიაიტეტესის განაჩენი ლეგალური თვალსაზრისით სავალდებულო იყო, მოდავეებს უფლება ჰქონდათ აპელაცია - ეფესისი სასამართლოში შეეტანათ.
საბერძნეთში, განსაკუთრებით ელინისტურ პერიოდში, საარბიტრაჟო სასამართლო სხვა შემთხვევაშიც გამოიყენებოდა. კერძოდ, ამა თუ იმ სახელმწიფოს შეეძლო შეეთავაზებინა მეგობარი სახელმწიფოსთვის, რომ მას გამოეგზავნა მისი მოსამართლეები. ეს უკანასკნელნი განიხილავდნენ მასპინძელი სახელმწიფოს მოქალაქეების სამოქალაქო და, ცალკეულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმეებს. მოწვეული მოსამართლეები, უპირველესად, იღვწოდნენ დავა „სასამართლოს გარეშე“ მოეგვარებინათ, თუმცა, როდესაც შერიგების მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა, მათ უფლება ჰქონდათ სასამართლო განხილვის თაობაზე გაეკეთებინათ განაცხადი.
არბიტრაჟს ყველაზე დიდი გავლენა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის სფეროში ჰქონდა. დღეს ძნელია ვილაპარაკოთ იმაზე, შეიმუშავეს თუ არა ბერძნებმა ეს მექანიზმი იმისთვის, რომ ძალა სამართლიანობის პრინციპით ჩაენაცვლებინათ. თუმცა, ერთი ფაქტია, სწორედ მათ გახადეს საარბიტრაჟო სასამართლო ომების თავიდან აცილების იმ საშუალებად, რომელსაც საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ და რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. არბიტრაჟის გამოყენების ადრეული მაგალითები, როგორიცაა სპარტის შუამავლობა სალამინის თაობაზე ათენისა და მეგარის დაპირისპირებაში, ჩვენთვის მხოლოდ ნახევრადლეგენდარული ტრადიციითაა ცნობილი. თუმცა არსებობს ორიგინალური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არგოსი ესწრაფვოდა თავის ორ კოლონიას - კნოსოსსა და ტილოსს შორის უთანხმოება მოეგვარებინა და მომავალში თავიდან აეცილებინა მათი განმეორება. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ძვ. წ. 450 წ-ს იყო მიღებული. ძვ. წ. 450 წ-ის შემდგომ საზავო ხელშეკრულებები ჩვეულებრივ შეიცავდნენ კლაუზულას, რომელიც ავალდებულებდა ხელის მომწერ მხარეებს, რომ მათ ყველა დავა, რომელიც კი შესაძლოა წარმოშობილიყო, არბიტრაჟისათვის გადაეცათ. როგორც ჩანს, ამ პრაქტიკას ხშირად მიმართავდნენ, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაფერისი არბიტრის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეები და მოსახლეობის გამწვავებული განწყობა არ აძლევდა მხარეებს საშუალებას არბიტრაჟისთვის მიემართათ. ათენის საზღვაო კავშირის არსებობის პერიოდში მას ჰქონდა პრეტენზია, რომ იმპერიის წევრებს შორის წარმოქმნილი დავის დროს არბიტრი ყოფილიყო. მოგვიანებით, ბერძნული ლიგები იმავე საშუალებით ისწრაფვოდნენ, რომ უზრუნველეყოთ კავშირის შიგნით არსებული წონასწორობა.
მოღწეული წარწერები ცნობებს გვაწვდიან: არბიტრაჟის მოქმედების მექანიზმის, მისი სიდიდის, კომპოზიციის, პროცედურის, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. აქვე ვეცნობით მოსამართლეთა წინაშე წარდგენილ ჩვენებათა ხასიათს თუ მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ასევე გადაწყვეტილებათა დარღვევასთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და სასაზღვრო კომისიების მიერ გატარებულ საზღვრის განცალკევების პრაქტიკას.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.