არდოტელი მურღვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არდოტელი მურღვა – (1962), ქართველი პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი – ნიკო ზვიადაური; დაიბადა სოფელ არდოტში (დუშეთი). 1980 წელს დაამთავრა ბარისახოს სკოლა-ინტერნატი, 1981-86 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რელიგიის განყოფილებაში. 1991 წლიდან დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, ხევსურეთს და შატილის სკოლა-ინტერნატში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. შემდგომ მის მიერვე არდოტში, საკუთარ სოფელში დაარსებული სკოლის გამგე-მასწავლებელი იყო. ამჟამად ნიკო ზვიადაური თავისი ქვეყნის მესაზღვრეა. იგი არის პოეტური ორდენის „მარად ახალი ქნარის” წევრი, გამოცემული აქვს ერთადერთი წიგნი – „თენების მთვარე” (1994 წ).
- მურღვამ თქვა
- მურღვამ თქვა, არდოტ გაზრდილმა,
- სიყრმის დღეები მოვწვერე.
- მთვარე, ცას დაკიდებული,
- თხის ჯიქანივით მოვწველე.
- დანდობა დაკარგულია,
- უჟამო ჟამი წკრიალებს,
- ქარქაშში ჩასძინებიათ
- თეთრტარა ნაპერწკლიანებს.
- ხანდიხან მოვა ოცნება,
- ცეცხლივით ამაბრიალებს
- ესეა წუთისოფელი –
- წაღმა-უკუღმა ტრიალებს,
- გულში რომ შავი ღამეა,
- ნეტა ვინ გაამზიანებს,
- სიკვდილი რას მოგვერევა
- არაგველ-ალაზნიანებს.
- ბევრ მწარე გამოვიარე,
- სულში ვინ ხედავს იარებს...
- „დარდი არც უნდა ახსენო,
- თუ არვინ გაგიზიარებს”.
- ესეა წუთისოფელი,
- წაღმა-უკუღმა ტრიალებს.
- როგორც ჰგონია საწუთროს,
- ისე ვერ გამატიალებს.