ართანა
ართანა – (ინგლ/ Artana, რუს. Артана), სოფელი და ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, ქ. თელავიდან 21 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე დიდხევის (მდინარე ლოპოტის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 460 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – გორაკ-ბორცვიანი.
ჰავა – ზომიერად ნოტიო, დაბალი მთის. იცის რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,2°C, ხოლო ივლისის _ 23,2°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,5°C. ნალექების წლიური რაოდენობა 700-800 მმ-ია.
ართანისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვ.) და ვენახებით.
ართანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: სუსტი მინერალიზაციის (M- 0,73 გ/დმ3) აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელიც მოიპოვება მდ. დიდხევის ხეობაში; დაბალი მთის ჰავა და აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.
ართანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების სავარაუდო მეთოდებია: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები აღნიშნული წყლით და პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები ართანაში წასასვლელად: დასვენება; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
ართანასა და მის მიდამოებში (აკურის მართლმადიდებლური მონასტერი (IX საუკუნე); ვანთის სასახლის კომპლექსი და ართანის მართლმადიდებლური ეკლესია (შუა საუკუნეები); ძველი შუამთის მართლმადიდებლური მონასტერი (V-VII საუკუნეები); იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (VI-XII საუკუნეები); კისისხევის მართლმადიდებლური სამონასტრო ეკლესია (VIII-IX საუკუნეები); ნაფარეულის სამეკლესიანი მართლმადიდებლური ბაზილიკა და რუისისპირის წმიდა შიოს მართლმადიდებლური მონასტერი (XII- XIII საუკუნეები); ახალი შუამთის მართლმადიდებლური მონასტერი (XVI საუკუნე) და სხვ.).