არიყ საფონი
არიყ საფონ-ი (ოს. Арыхъ сапон) – ნართულ ეპოსში ნახსენები საპნის სახეობა, რომლითაც სარგებლობდნენ (ტანს იბანდნენ და სამოსს რეცხავდნენ) ყველაზე სახელოვანი ნართები (სათანა, აცამაზი და სხვ.). უნდა ითქვას, რომ ნართულ გადმოცემებში გვხვდება ორი სახის საპონი – არიყის საპონი და ყარა საპონი (хъара сапон. თურქული ყარა – „შავი“) – „შავი საპონი“ ანუ დაბალი ხარისხის საპონი (სიტყვა „საპონი“ ცალკე არ გამოიყენება). ტერმინი „арыхъ“, როგორც ჩანს, მომდინარეობს მონღოლური სიტყვიდან არიგ, რაც თანამედროვე მონღოლურ ენაზე „სუფთას“ ნიშნავს, მაგრამ ალანთა და მონღოლთა ისტორიული კონტაქტების ეპოქაში (XIII-XIV სს.) იგი „წმინდასაც“ აღნიშნავდა. ნართულ ეპოსში ორი სახეობის საპნის არსებობა მოწმობს შუასაუკუნეების ალანთა კულტურაზე, რომელმაც მონღოლური ტომების მხრიდან მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა.
ლიტერატურა
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. – Владикавказ, 2003;
- Гуриев Т. А. К проблеме генезиса осетинского нартовского эпоса. Орджоникидзе, 1971.