არკაშონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არკაშონი – (ინგლ. Arcashon, რუს. Аркашон), ქალაქი და ოკეანისპირა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი დასავლეთ საფრანგეთში, გიუიენის ოლქის ჟირონდის დეპარტამენტის არკაშონის სუპრეფექტურაში, ქ. ბორდოდან 75, ხოლო ქ. პარიზიდან 550 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს ატლანტის ოკეანის არკაშონის ყურის სამხრეთ ნაპირზე. რელიეფი – ვაკე.

ჰავა – ოკეანისპირა სუბტროპიკული. ზამთარი რბილია და წვიმიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 6,7°С. ზაფხული მშრალია და თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20,6°С, ხოლო აგვისტოსი – 20,7°С. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 940 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ნოემბერსა (120,8 მმ) და დეკემბერზე (107 მმ), ხოლო მინიმუმი – ივნისსა (56,4 მმ) და ივლისზე (46,9 მმ).

არკაშონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ოკეანისპირა სუბტროპიკული ჰავა, მარილებით გაჯერებული ოკეანისპირა ჰაერი და სუსტი მინერალიზაციის ქლორიდულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყალი „Sainte Anne des Abatilles“, რომელიც ჩამოისხმება ბოთლებში.

არკაშონის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ოკეანეში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.); მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და გამორეცხვები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები არკაშონში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; შაქრიანი დიაბეტის ინსულინდამოუკიდებელი ფორმა; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებები.

ტურისტული ობიექტები:

ქ. არკაშონში (რომაულ-კათოლიკური ეკლესია ნოტრ-დამ დე პასე (1856-1861 წლები) და მეზღვაურთა სალოცავი ამ ეკლესიაში; წმიდა ცეცილიას ბელვედერი (ობსერვატორია) (XIX საუკუნე); ციხე-დარბაზი შატო-დეგანი, რომელშიც კაზინოა (1853 წელი); XIX საუკუნის ვილები; დიუნა პილატი; პლაჟის ბულვარი (Boulevard Deganne); მავრიტანული პარკი; არკაშონის ყურე; პერეირას პლაჟი ზღვისპირა პარკით; მოქანდაკე კ. ბუსკოს ქანდაკებები არკაშონის სხვადასხვა რაიონში; ორი დიდი აკვარიუმი; გასართობი პარკი- ლაბირინთი; აკვალენდი და სხვ.),
ქ. არკაშონის მიდამოებში (შუქურა (Phare de Cap Ferret) (1856-1861 წლები) და მავრიტანული რომაულ-კათოლიკური სამლოცველო (Chapellede I’Herbe) (XIX საუკუნის დასასრული) კაპ-ფერის ნახევარკუნძულზე; ფრინველთა კუნძული არკაშონის ყურეში, სადაც მოწყობილია ქოხები ოჩოფეხებზე, ორნითოლოგიური და ზოოლოგიური პარკები და ამრავლებენ ხამანწკებს და სხვ.) და
ქ. ბორდოში (IV საუკუნის რომაული ციხესიმაგრისა და ამფითეატრის ნანგრევები; რომაულ-კათოლიკური ეკლესიები – წმიდა სევერინის (VI საუკუნე), წმიდა სტეფანეს (VI საუკუნე) და წმიდა პოლის (XVII საუკუნე); წმიდა ანდრიას რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (814-1096 წლები); წმიდა მიშელის რომაულ-კათოლიკური ბაზილიკა (1846 წელი); წმიდა ჯვრის (სენტ-კრუას) სააბატო (VII საუკუნე); ქალაქის ბაღი (1749 წელი); ქალაქის ძველი კარი და დიდი თეატრი (1773-1780 წლები); ქალაქის საბჭოს შენობა (1773-1784 წლები); უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობა დაიწყო 1441 წელს; მუზეუმები – საბუნებისმეტყველო, თანამედროვე ხელოვნების, საბაჟო სამსახურის, ნაციონალური, კომპანიონაჟების, ბორდოს უნივერსიტეტის ეთნოგრაფიული, ღვინისა და ღვინით ვაჭრობის, გუპილის, აკვიტანიის ტელეფონების, ნატიფი ხელოვნების, აკვიტანიის და სხვ; წმიდა პეტრეს ხიდი მდინარე გარონაზე (XIX საუკუნის დასაწყისი); ბოტანიკური ბაღი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები