არმაზული დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არმაზული დამწერლობა. ანბანი

არმაზული დამწერლობაარამეული დამწერლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მესოპოტამიური ტიპის ერთ-ერთი სახეობა. გავრცელებული იყო საქართველოსა და სომხეთში. ტერმინი არმაზული დამწერლობა შემოიღო აკადემიკოსმა გ. წერეთელმა მცხეთა-არმაზში 1940 აღმოჩენილი არამეული სტელების (I-II სს.) შესწავლის საფუძველზე. საქართველოშივე აღმოჩენილია ჭურჭელი და სამკაული არმაზული დამწერლობით შესრულებული წარწერებით. ასეთია, მაგ., დასავლეთ საქართველოში სოფელ ბორში ნაპოვნი პინაკი (III ს.), ვერცხლის კოვზი და სხვ. ყურადღებას იქცევს უკანასკნელ ხანებში „დედოფლის მინდორზე“ აღმოჩენილი ფირფიტები ნადირობის სცენებით, რომელთაგან ზოგიერთს არმაზული დამწერლობით შესრულებული მცირე არამეული წარწერა ახლავს; არმაზული დამწერლობით უნდა იყოს შესრულებული 1961 გარნიში (სომხეთი) აღმოჩენილი წარწერა ქვაზე (II ს.). „არმაზულს“ მიაკუთვნებენ მასანდარანის (ირანი) პინაკების არამეულ წარწერებსაც (VIII–IX სს.), რომელთა დამწერლობას „გვიანარმაზულს“ უწოდებენ (ფ. ალტჰაიმი, რ. შტილი). უკანასკნელ ხანებში ჩატარებული არქეოლოგიური ძიების შედეგად გამოვლენილი დედოფლის მინდვრის (საქართველო) და სისიანის (სომხეთი) არამეული წარწერები შესრულებულია არმაზული დამწერლობით და განეკუთვნება ძვ. წ. I ს.ს.

არმაზულმა დამწერლობამ განვითარების დიდი გზა განვლო. მისი სათავე, როგორც ყველა ჩრდილო მესოპოტამიური დამწერლობისა, აქემენიდთა ხანის არამეული (ე. წ. ოფიციალური და სახელმწიფო არამეული) დამწერლობიდან მომდინარეობს. სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ვითარდებიან ლოკალური დამწერლობანი, რომელნიც ელინისტურ-რომაულ ხანაში ცალკე სახეობებად ყალიბდებიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივ (ქართულ) ნიადაგზე უნდა იყოს ფორმირებული, რომელიც არმაზის არამეულ წარწერებში აისახა და ჰათრის, ასურის, ჰასანქეფესა და ზოგიერთ სხვა წარწერათა დამწერლობასთან ერთად ერთ ჯგუფს (ჩრდილო მესოპოტამიურს) ქმნის. იგი გარკვეულ სიახლოვეს იჩენს არამეული დამწერლობის ე. წ. პართულ ტიპთან, რომელიც არშაკიდებისა და სასანიდების ხანაში (ძვ. წ. III – ახ. წ. V სს.) იყო გავრცელებული საშუალო ირანული ენებისათვის (პართული, ფალაური). საყურადღებოა, რომ არმაზული დამწერლობით შესრულებული წარწერების ენა (არამეული) გამოდის სტანდარტული არამეულის ჩარჩოებიდან, რაც ადგილობრივი ენის გავლენით უნდა აიხსნას. არსებობს ცდა არმაზული დამწერლობის ქართულ დამწერლობასთან გენეტიკურად დაკავშირებისა.

კ. წერეთელი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები