არმან სალაკრუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალაკრუ არმან - (ფრ. SALACROU ARMAND. 1899 - 1972). XX საუკუნის ფრანგი დრამატრურგი. არმან სალაკრუ თავისი შემოქმედებითი გზის დასაწყისში სიურრეალიზმით იყო გატაცებული და რთული ევოლუციის შედეგად რეალისტურ დრამატურგიამდე მივიდა.

ბიოგრაფია

სალაკრუ დაიბადა 1899 წელს. პირველივე ნაბიჯებიდან მისთვის დამახასიათებელი იყო ბურჟუაზიული საზოგადოების მიუღებლობა, რაც მის ადრეულ პიესაში იყო წარმოდგენილი, როგორც ლაბირინთი, რომელშიც ადამიანი განწირულია სახეტიალოდ. სალაკრუს ადრეული პიესებისათვის („თეფშების მსხვრეველები“, 1923; „მინის სფერო“, 1924; „მიწიერი ორომტრიალი“, 1925; და სხვ.) დამახასიათებელია გმირის მტანჯავი სწრაფვა მარტოობის გადასალახავად გაგებისა და სიყვარულის საპოვნელად ჩლუნგ, თვითკმაყოფილ ობივატელთა სამყაროში.

ამ განსაკუთრებული შემოქმედებითი ხელწერის კულმინაციას სალაკრუ აღწევს დრამაში „ფაჩული, ანუ სიყვარულის უკუღმართობა“ (1927), რომელიც დიულენმა განახორციელა. მოგვიანებით ეს დადგმა სასტიკად გააკრიტიკა ოფიციალურმა პრესამ. ორი დროის გამზომილებაში აგებული (თანამედროვეობა და მეორე იმპერიის ეპოქა, რომლის შესწავლითაც იყო დაკავებული ცენტრალური გმირი ფაჩული) პიესა აღწერს შეურიგებელ დაპირისპირებას პატიოსანი ადამიანისა ბურჟუაზიულ სამყაროსთან და გმირის ილუზიების გარდაუვალ ნგრევას. იმავდროულად ავტორს შევყავართ რა გმირის ოცნებებში, შემოაქვს გარესამყაროს დამღუპველი გავლენის თემა ყმაწვილის სულიერ სამყაროზე, რომელიც ფინალში სადღაც ქრება. „ეს პიესა ყმაწვილზე კი არ არის, ეს არის პიესა სიყმაწვილეზე“, - წერდა ჟიროდუ, ხოლო დიულენმა ამ პიესაში ჩვენი დროის შიში და ეჭვები დაინახა.

ფაჩულიზე ერთობლივი მუშაობის შედეგად დაიწყო სალაკრუსა და დიულენის შემოქმედებითი მეგობრობა. სალაკრუს ფართო აღიარება მოუტანა დრამამ „ატლას-ოტელი“ (1929), რომელიც 1931 წელს დადგა დიულენმა და ცენტრალური გმირის - ოგიუსტის როლი შეასრულა.

30-იან წლებში სალაკრუს შემოქმედების ახალი ეტაპი იწყება. იგი წერს მთელ რიგ პიესებს:

  • „პუფი“ (1930);
  • „თავისუფალი ქალი“ („Une Femme libre“, 1930-1933);
  • „უცნობი ქალი არასიდან“ („L’Inconnue d’Arras“, 1931-1935);
  • „დედამიწა მრგვალია“ („La Terre est ronde“, 1937) და სხვ.

ამ პერიოდში იგი იმკვიდრებს რეალისტი დრამატურგის სახელს, რომელიც იყენებს ღრმა იდეურ წინააღმდეგობებს. მისი შემოქმედების მწვერვალად 30-იან წლებში ითვლება „დედამიწა მრგვალია“. იგი აღწერს ფლორენციის საზოგადოების ცხოვრებას 1492-1498 წლებში, რომლებშიც ბატონობს პოლიტიკური და ზნეობრივი უპრინციპობა. დრამატურგი ამხელს რელიგიურ ფანატიზმს. ეს თემა დამახასიათბელია სალაკრუს შემოქმედებისთვის და შემადგენელი ნაწილია სავონაროლას სახისათვის დრამაში. იგი აკავშირებს სისხლიან მოვლენებს დომინიკელი ბერის გააფთრებულ მოწოდებებთან, მისი მომხრეების სასტიკ ქმედებებთან, რომლებიც ცეცხლზე წვავდნენ არა მარტო ბოკაჩოს, ოვიდიუსის, ბოტიჩელის ნაწარმოებებს, არამედ ცოცხალ თანამემამულეებსაც. დრამატურგი მონოლოგებში გვიხსნის ამ „წინასწარმეტყველის“ შინაგან სამყაროს. სალაკრუს გმირი მიჰყავს გულახდილი რწმენიდან მისივე დამსჯელ მისიამდე, სრულ ნგრევამდე და საკუთარი თავისგან განდგომამდე.

სალაკრუ არ იფარგლება მხოლოდ რელიგიური ფანატიზმის მხილებით. საკითხი უფრო ფართოდ ისმება - ნებისმიერი ფანატიზმის არაადამიანურობის შესახებ; კერპთაყვანისმცემლობის დროს ადამიანის ცნობიერების ნგრევაზე, ფანატიზმის წინააღმდეგობაზე პროგრესის მიმართ. სხვადასხვა გმირების მაგალითზე იგი გვიჩვენებს, რომ ფანატიზმის აღმოცენებისთვის ყველაზე კარგი საფუძველია ობივატელობა და კონფორმიზმი, ნებისმიერი წყობისა და ბრძანებისადმი მზადყოფნა. პიესის რთულ ქსოვილში ორგანულადაა ასახული სავონაროლას ახალგაზრდა თანამოაზრის სილვიოს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია ლუჩიანასადმი. სილვიოს სწამდა სავონაროლას საქმის, მოგვიანებით კი მის მაგივრად ადის კოცონზე და უაზროდ იღუპება.

„დედამიწა მრგვალია“ - ფრანგულ იდეათა დრამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. 1938 წელს შედგა მისი პრემიერა, რომელიც დიულენმა განახორციელა და თავად შეასრულა სავონაროლას როლი. სილვიო იყო პირველი დიდი როლი ახალგაზრდა ჟან ლუი ბაროსთვის. სპექტაკლი დიდ მოვლენად იქცა ომამდელი საფრანგეთის ცხოვრებაში.

ომის წლებში სალაკრუ ნაციონალური ფრონტის მონაწილეა, 1944 წლიდან საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებშია. ომის პერიოდის პიესებში („მარგარიტა“, 1941; „დანიშვნა პავრში“, 1942; „ჯარისკაცი და გრძნეული ქალი“, 1942) იგი პირდაპირ არ ეხება სოციალურ პრობლემებს, მაგრამ ამკვიდრებს ზნეობრივ ფასეულობებს. ომისშემდგომ ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს და ქმნის მთელ რიგ ახალ ნაწარმოებებს:

  • „მრისხანების ღამეები“ (1946);
  • „ლენუარის არქიპელაგი“ („L’Archipel Lenoir“, 1945-1947);
  • „სარკე“ (1956);
  • „დიურნის ბულვარი“ (1960);
  • „შავი ქუჩა“ („La Rue noire“, 1968) და სხვ.

ფართო აღიარება მოიპოვა პიესამ „მრისხანების ღამეები“, რომელიც ჟან ლუი ბარომ 1946 წელს დადგა. მოქმედება ვითარდება 1944 წელს და აგებულია ორი დაპირისპირებული და შეურიგებელი ბანაკის - კოლაბორაციონისტებისა და წინააღმდეგობის მონაწილეთა შეჯახებაზე. ავტორი იყენებს რეტროსპექტიურ ხერხს და გვიხატავს გმირებს წარსულში. სალაკრუს სჭირდება 1938 წელში დაბრუნება, რათა თვალყური მიადევნოს ორი ცენტრალური გმირის - წარმატებული ბურჟუა ბაზირისა და მოკრძალებული მოსამსახურის - ჟან კორდოს ცნობიერების ევოლუციას. ოკუპაციის დროინდელი კერძო უთანხმოებანი ანტაგონისტურ კონფლიქტში გადაიზრდება. გადამწყვეტ მომენტში ბაზირის ობივატელურ პოზიციას იგი დანაშაულამდე მიჰყავს: გერმანელებს გადასცემს დაჭრილ მებრძოლ კორდოს, რომელსაც დრამის ფინალში დასახვრეტად გაიყვანენ. სალაკრუს დრამა ეგზისტენციალისტურ დრამატურგიას, ეხმიანება, რომლის განვითარებაც 40-იან წლებზე მოდის და თავის გმირებს არჩევანის წინაშე აყენებს, ხოლო სასაზღვრო სიტუაციად საფრანგეთის ოკუპაცია იქცევა.

სალაკრუს შემოქმედებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პიესას „ლენუარის არქიპელაგი“, რომელიც თეატრში კვლავ დიულენმა განახორციელა და მთავარი როლიც შეასრულა. პიესა დაწერილია, როგორც ბურჟუაზიული კომედია და გამოყენებულია სიტუაციებისა და ხასიათების გროტესკული განზოგადოება.

არმან სალაკრუ გარდაიცვალა 1972 წელს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები