არსენიშვილი დავითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენიშვილი დავითი – (12.12. 1905, ქუთაისის მაზრა, სოფელი დაბაძველი, (თვითონ ყველგან მითითებული აქვს ტყიბული) – 16.11.1963, ქ. თბილისი), ქართველი თეატრის რეჟისორი, თეატრის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი, საქართველოში სამუზეუმო და საგამოფენო საქმის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, ქრისტიანული კულტურის აურაცხელი, მათ შორის მსოფლიო მნიშვნელობის, ძეგლის გადამრჩენი და შემგროვებელი, სამი სახელმწიფო მუზეუმის შემქმნელი.

არსენიშვილმა 1923 წ. ზ. ლ. როკსანოვას ხელმძღვანელობით დაამთავრა მოსკოვის დრამატული სტუდია, ხოლო 1938 წ. იქვე – სამხატვრო თეატრის სტუდია კ. ს. სტანისლავსკის ხელმძღვანელობით. 1921-1922 წწ. მუშაობდა საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატში თეატრალური განყოფილების მდივნად, პარალელურად თანამშრომლობდა ფედერალისტების გაზეთთან „ტრიბუნა“ (გადაუმოწმებელი ინფორმაციით, იყო ფედერალისტების პარტიის წევრი). 1924 წ. მუშაობდა საქართველოს პროლეტკულტში რეჟისორად, 1925-1927 წწ. – „თბილისის თანამედროვე რევოლუციურ თეატრ-სტუდიაში“ რეჟისორად და ქართული თეატრის ისტორიის ლექტორად. 1927 წლიდან არსენიშვილ კრებს მასალას ქართული თეატრის შესახებ, ამავე წელს აარსებს საქართველოს თეატრის მუზეუმს, რომლის დირექტორია 1927-1935 წწ., ამავე დროს არის თეატრსლურ ნაგებობათა სამშენებლო პროექტების კონსულტანტი, 1933 წ. მოსკოვში „რევოლუციური თეატრების საერთაშორისო ოლიმპიადაზე“ წარდგა მოხსენებით: „ახალი თეატრის არქიტექტურა“; 1928-1929 წწ. აგროვებს მასალას ა.ს. გრიბოედოვისადმი მიძღვნილი გამოფენისათვის და მთაწმინდაზე სათავეს უდებს ლიტერატურულ მუზეუმს; 1929 წ. საბჭოთა კავშირის ხალხთა ხელოვნების განყოფილების ხაზით არჩეულ იქნა საკავშირო სამხატვრო-სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპოდენტად მოხსენებისთვის: „ა. ს. გრიბოედოვი საქართველოსა და სპარსეთში“. 1932 წ. 17 დეკემბერს გაცემული მოწმობით, არსენიშვილი დაინიშნა ხალხთმცოდნეობის ცენტრალური მუზეუმის კავკასიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად – კორესპონდენტად. 1927-1958 წწ. ეწეოდა სამხატვრო-საგამოფენო მოღვაწეობას (თბილისი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ლენინგრადი); განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოფენები: „ილია ჭავჭავაძე“ (მოსკოვი, ლენინის სახ. ბიბლიოთეკა, 1936), „შოთა რუსთაველი“. არსენიშვილი არჩევს და გზავნის მასალას საბჭოთა გამოფენების ქართული განყოფილებებისათვის უცხოეთში (პარიზი, ლონდონი, ბერლინი, მიუნხენი, რომი, ნიუ-იორკი); 1942-1949 წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს კულტურის ძეგლთა სექტორის უფროსი. ომის წლებში არსენიშვილი ხელმძღვანელობდა თბილისში არსებული კულტმემკვიდრეობის ძეგლთა შენიღბვას (მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი და სხვ.); აგროვებდა მასალას თბილისის სამხატვრო სალონის შესაქმნელად (გაიხსნა 1944); არსენიშვილი იყო პირველი მკვლევარი, რომელმაც მოაწყო დაზვერვითი არქეოლოგიური ექსპედიცია ასტრახანის მიძინების ტაძარში, რის შედეგადაც მიაკვლია ქართველი მეფეების – ვახტანგ VI ისა და თეიმურაზ II-ის – საფლავებს, მოაწყო არქეოლოფიური გათხრები, ვრცელი ექსპოზიცია, რაც დასტურდება ფოტოილუსტრაციებით, ტაძრის ნახაზითა და ჩატარებული გათხრების შესახებ კომისიის მიერ შედგენილი აქტით (1955 წ. 1 ივნ.).

არსენიშვილმა დაღუპვისაგან იხსნა შუა საუკუნეების რუსული ქრისტიანული კულტურის ძეგლები, რომელთაგან მრავალი მსოფლიო ხელოვნების შედევრად ითვლება. ეს განსაკუთრებით ხატწერის, კედლისა და წიგნის მხატვრობის ძეგლებს ეხება. ათეისტური სახელმწიფო პოლიტიკის, განსაკუთრებით – რევოლუციისა და მომდევნო, ანტირელიგიური ისტერიის ხანაში უამრავი ეკლესია-მონასტერი გაიძარცვა, საეკლესიო მსახურებისთვის აუცილებელი ჭურჭელი გაქრა ან გადაადნეს, ხატები მუზეუმების ანდა უბადრუკი საცხოვრებელი შენობების სარდაფებსა და საწყობებში იღუპებოდა. ასეთ ვითარებაში არსენიშვილი შეუდგა სიძველეთა თავმოყრის, რესტავრაციის, კონსერვაციის, ასლების დამზადებისა და მეცნიერული შესწავლის საქმეს თავისსავე დაარსებულ ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმში, რომლის პირველი დირექტორიც თავად იყო (1949-1959). დადგენილება ამ მუზეუმის შექმნის თაობაზე მიღებულ იქნა 1947 წ., მაგრამ არსენიშვილს 2 წლის განმავლობაში უხდებოდა ბრძოლა ბიუროკრატიასთან, რათა მუზეუმი ამოქმედებულიყო. მუზეუმი განთავსდა წმ. ანდრონიკეს მონასტრის ტერიტორიაზე და უაღრესად დიდი როლი ითამაშა რუსული ქრისტიანული ხელოვნების უამრავი ნიმუშის გადარჩენის, გამომზეურებისა და მეცნოერული შესწავლის საქმეში.

არსენიშვილს სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია ქართულ; რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე. დაკრძალულია თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე.

ნ. ვაჩნაძე

ლიტერატურა

  • ვაჩნაძე ნ.,გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის სათავეებთან, „კრიტიკა“, 1985, Вачнадзе Н., Д.И. Арсенишвили. Эскизы к творческому портрету, Тб., 1990;
  • Дело всей жизни, «Литературная Грузия», 1981, №8;
  • Челвек – легенда (Штрихи к портрету Д. И., Арсенишвили), «Литературная Грузия»

იხილე აგრეთვე

დავით არსენიშვილი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები