არსენ გოგოფაჲ
არსენ გოგოფაჲ – ქართველი კალიგრაფი.
მისი გადაწერილია 1047 წ. ასკეტიკონი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი A 1101). ხელნაწერი წარმოადგენს ეტრატს. ტექსტის დასაწყისი შესრულებულია მრგლოვანით, შემდეგ კუთხოვანი ნუსხურით. გადაწერილია საბერძნეთში, ათონის მთაზე, მომგებელია არსენ გოგოფაჲ ხელნაწერის 35r, 60r-ზე სათაურის ბოლო სტრიქონში ტექსტის ხელით ჩაწერილია: „ქ-ე, შ-ე არსენი გოგოფაჲ“. სათაურისა და პირველი სტრიქონის გასწვრივ, მარცხენა არშიაზე, წვრილი ნუსხურით (ადრეული მდივანმწიგნობრულით) მიწერილია „ქ-ე, შეიწყალე გოგოფაჲ მონაჲ შენი. ამინ იყავნ“ (60 r). ხელნაწერის მომგებლის, არსენის ანდერძი საინტერესო ცნობებს გვაწვდის მონასტრის ბერმონაზონთა შესახებ: „...რომელნი სწერიან წიგნსა ამას შინა, ღირს ვიქმენ მე, არსენი მოგებად წმიდისა ამის წიგნისა, სალოცველად და სარგებელად სულისა ჩემისა და სულთათჳს მოძღუართა და ძმათა ჩემთა და თჳსთა ჩემთა სულიერთა და ჴორციელთა – პირველად მოსაჴსენებელად მამისა გრიგოლისა, რომლისა ლოცვითა და მოღუაწებითა მონასტერი გავისაკუთრეთ, ქრისტემან დიდებულ-ყავნ ს[ული] მ[ისი], მერმე ძმისა იაკობისა, არსენისა, იოვანესსა, მიქაელისა, აგათონისსა, არსენისა და ყოველთათგს ძმათა ჩემთა, სულიერთა და ჴორციელთა და მშობელთა და მოძღუართა და თ[ჳ]სთა. გევედრები ყოველთა მე, ცოდვილი და უღირსი არსენი, წმიდანო მამანო! რაჟამს აღმოიკითხვიდეთ წმიდასა ამას წიგნსა, სულთა განმანათლებელსა, მომიჴსენეთ და ლოცუა-ყავთ, სიყუარულისათჳს ღმრთისა და შევწირე წმიდაო ღმრთისმშობელსა მთაწმიდისასა ჩვენ, ქართველთა ეკლესიასა, სალოცველად და საჴსენებელად მამისა გრიგოლისა და ჩუენთჳს, შვილთა მისთა სულიერთა. ... ხოლო შევწირე წმიდაჲ ესე წიგნი წინამძღუ- რობასა მამისა გ[იორგ]ისსა“.. (248 v).
ვ. სილოგავა
|
ლიტერატურა
- მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
- საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. 4, თბ., 1954.