არსენ ნინოწმინდელი
არსენ ნინოწმინდელი – (X ს. II ნახ. – XI ს. დასაწყისი), წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 31.07./13.08.), საეკლესიო მოღვაწე, ხელნაწერთა გადამწერი, ნინოწმინდის ეპისკოპოსი, მოგვიანებით დატოვა კათედრა და გადავიდა ოთხთა ეკლესიის (ტაო) მონასტერში. აქ იგი დაუახლოვდა იოვანე გრძელისძეს. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და იღვწოდნენ, შემდეგ პონტოს (მცირე აზია) ერთ-ერთ მონასტერში გადავიდნენ. როდესაც მათი იქ ყოფნა შეიტყვეს იოვანემ და ეფთვიმემ, ორივე თავისთან, ათონის მთაზე, ქართველთა ახლად დაარსებულ მონასტერში (ივირონი) მიიწვიეს. აქ ისინი, ძირითადად, ეფთვიმეს თარგმნილი თხზულებების გადაწერით იყვნენ დაკავებული, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე კრებული, ე.წ. სამახსოვრო წიგნები შეადგინეს. ამჟამად ეს ხელნაწერები დაცულია ივირონის წიგნსაცავში (ath. 4, 10, 13). მათი გადაწერილი ერთი კრებული, რომელიც 1915 წ. საქართველოში ჩამოიტანა ათონელმა მოღვაწე ილია ფანცულაიამ, ინახება თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში [A 1103]. ეს ხელნაწერი ეფთვიმეს თარგმნილ თხზულებათა კრებულია, რომელთა შორის დიდი ადგილი უჭირავს რომის პაპის, გრიგოლის „დიალოღონს“. ხელნაწერში მოთავსებულია მრავალი მნიშვნელოვანი ანდერძ-მოსახსენიებელი (წმ. ეფთვიმე მთაწმინდლის, ხელნაწერთა გადამწერ-შემდგენლებისა და სხვათა სახელზე) და ქრონოლოგიური ცნობა.
კ. კეკელიძის აზრით, არსენ ნინოწმინდელი გარდაიცვალა 1118 წ. ახლო ხანებში. იგი ადრე გარდაცვლილ იოვანე გრძელისძესთან ერთად დაუკრძალავთ ათონის ქართველთა მონასტრის (ივირონის) გარეთ, წმ. სვიმეონ მესვეტის ეკლესიაში. გიორგი მთაწმინდელმა, როდესაც იგი ივირონის წინამძღვარი გახდა, ორივე გადაასვენა ივირონის ღვთისმშობლის მიძინების დიდი ეკლესიის (კათოლიკონის) საძვალეში, დასავლეთ ნართექსის სამხრეთ მონაკვეთში, ეფთვიმე მთაწმინდლის გვერდით.
ვ.სილოგავა
ლიტერატურა
- კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980;
- მეტრეველი ე., იოვანე და ეფთვიმე ათონელებისადმი მიძღვნილი „სამახსოვრო წიგნები," ეძღვნება პროფესორ პოლ [ემილ] ლემერლის [(1903-1989)] ნათელ ხსოვნას, „ფილოლოგიური ძიებანი“, 1995, №2;
- მისივე, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996.
|