არსიანის ქედი
არსიანის ქედი – (თურქ. Yalnızçam Dağları), სუბმერიდიანული ქედი საქართველოსა და თურქეთში, მდინარეების ჭოროხისა და მტკვრის აუზებში, შავი და კასპიის ზღვების წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალია არსიანი (3165 მ), რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. საქართველოს ფარგლებში უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა ანუ სისხლისმთა (კენჭაული, ზღვის დონიდან 3007 მ), რომელიც ამავდროულად მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია საქართველოში. გადაჭიმულია 150 კმ, საქართველოს ფარგლებში – 44 კმ მანძილზე.
ქედი აგებულია გოდერძის წყებით – ზედამიოცენურ-ქვედა პლიოცენური ასაკის ვულკანოგენურ-კონტინენტური ქანებით, აგრეთვე შუაეოცენური ვულკანოგენურ-ზღვიური ნაფენებით. ქედი მეტად მნიშვნელოვანი ოროგრაფიული, კლიმატური და საერთოდ, ლანდშაფტური ბარიერია, რომელიც წარმოქმნის მეტად მნიშვნელოვან განსხვავებებს მდინარეების აჭარისწყლისა და მტკვრის ზემო წელის აუზში. ეს განსხვავებები აისახება კლიმატურ პირობებზე, ნიადაგ-მცენარეულ საფარსა და საზოგადოებრივ ყოფაზე.