არსლან-ბობის ველი
არსლან-ბობის ველი, (არსტან-ბაფის ველი) – კლიმატურ-პელოიდური საკურორტო ადგილი ყირგიზეთში, ოშის ოლქის ბაზარ-ყორღანის რაიონში, ქ. ოშიდან 175 და ქ. ჯალალაბადიდან 60 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო ანდიჯანიდან (უზბეკეთი) 114 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ბაბაშათას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1700 მ-ის სიმაღ- ლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად კონტინენტური, საშუალო მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია, თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3°C. გაზაფხული ადრეულია და წვიმიანი. ზაფხული თბილია და მზიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 54%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1000 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე. მზის ნათების ხანგრძლივობა 2800 საათია წელიწადში. არსლან-ბობის ველის ტერიტორია დაფარულია: კაკლის, ფსტის, ვაშლის, ატმის, გარგარისა და ქლიავის ნარგავებით. აღნიშნული ნარგავები, ბუჩქებთან ერთად, ქმნის ტყეებს არსლან-ბობის ველის მიდამოებში.
არსლან-ბობის ველის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა; აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი; ზემო ტბის (მდებარეობს არსლან-ბობის ველიდან 8 კმ-ში) სანაპიროზე არსებული ტორფის სამკურნალო ტალახი.
არსლან-ბობის ველში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: პასიური კლიმატოთერაპია, ტორფის სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები.
ჩვენებები არსლან-ბობის ველში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
საკურორტო ადგილ არსლან-ბობის ველის მიდამოებში (თოქ-თაგულის წყალსაცავი; წმინდა ტბა (სარკის ტბა), მცირე და დიდი ტბები, მღვიმეები და ჩანჩქერები);
ქ. ჯალალაბადსა და მის მიდამოებში (ისტორიული მუზეუმი, წინასწარმეტყველი იობის წყარო, მუსლიმანური წმიდათაწმიდა არჩი ბაზარის მთა) და
ქ. ოშსა და მის მიდამოებში (ბრინჯაოს ხანის ნასახლარი (ძვ.წ III ათასწლეული); პეტროგლიფები სუროთ-თაშის კლდეზე (ძვ.წ. I ათასწლეული); აქ-ბურის ციხესიმაგრე (ახ.წ. I-XII საუკუნეები); კომპლექსი მუსლიმანურ წმიდათაწმიდა სულაიმან-თოოს მთაზე (X საუკუნე); სულაიმან- თოოს მეჩეთი (2012 წელი); მეჩეთები – ტახტი-სულაიმანის (XV-XVI საუკუნეები), რავატ აბდულა-ხანის (XVII-XVIII საუკუნეები), იუსუფ ბაიხოჯი-ოღლის (1909 წელი), შახიდ-თეპის (1943 წელი) და სხვ.; ასაფ-იბნ-ბურხიას მავზოლეუმი (XI- XVII საუკუნეები); მთავარანგელოზ მიქაელის მართლმადიდებლური ეკლესია (XX საუკუნის დასაწყისი); აბანო (შუა საუკუნეები); მუზეუმები – მხარეთმცოდნეობის, „დიდი აბრეშუმის გზა“ და სხვ.; კომპლექსი „მწუხარე დედა“ და სხვ.).