არსუკისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ხუროთმოძღვარ არსუკიძის წარწერა

არსუკისძე − (გ. 1029), ქართველი ხუროთმოძღვარი. 1010-1020 წწ. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I-ის დაკვეთით ადრე არსებული ნაგებობის გეგმისა და ნაშთების გამოყენებით ააგო მცხეთის საპატრიარქო ტაძარი „სვეტიცხოველი“ (თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძარი). არსუკისძემ შექმნა უმაგალითო კონსტრუქცია და მხატვრული მთლიანობა, რომელიც დღესაც, მიუხედავად მრავალრიცხოვანი აღდგენა-გადაკეთებისა, ნათლად ამოიცნობა და შესაბამის შთაბეჭდილებას ახდენს. არსუკისძის სახელი ორგზის იხსენიება სვეტიცხოვლის საფასადო წარწერებში – ჩრდილოეთ კედლისა (მას გონიოს, ქვითხუროობის ნიშნის, მპყრობელი მარჯვენის გამოსახულება ახლავს, რამაც წარმოშვა ხალხური ლექსი „ხეკორძულას წყალი მისვამს“, რომელიც მის სიცოცხლეშია ამოკვეთილი), და აღმოსავლეთ კედლის მელქისედეკ I-ის საამშენებლო წარწერაში. წარწერა ასეთია: „ჴელი მონისა არსუკიძისაჲ შეუნდვეთ“, აქედან ირკვევა, რომ არსუკისძე მშენებლობის დამთავრებამდე, 1029 წლამდე აღსრულებულა. თვით ტაძრის ხუროთმოძღვრება და მისი ქვაზე კვეთილი სამკაული ცხადყოფს, რომ კარგად იცნობდა X ს. ქართულ, კერძოდ, სამხრეთ-ქართულ ხუროთმოძღვრებას, თუმცა სხვა კუთხის ეკლესიებსაც იყო გაცნობილი და წინამორბედთა მონაპოვრის გათვალისწინებით შექმნა თავისი, ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრებისათვის საეტაპო ნაწარმოები. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე საზეიმო ბჭის (გადასახედი თუ წარსადგომი სამთაღედით მეორე სართულზე) მშენებელიც. კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს. ხუროთმოძღვრის წარმოსახვითი ბიოგრაფიის „გაცოცხლება“ სცადეს კ. გამსახურდიამ („დიდოსტატის მარჯვენა“) და ირ. სონღულაშვილმა („მირანდუხტ იადხმობილი“).

დ. თუმანიშვილი

ლიტერატურა

ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; მუსხელიშვილი ლ., მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის უძველესი წარწერები და მათი დამოკიდებულება მელქისედეკ კათალიკოსის ანდერძთან, „ქართული ხელოვნება“, 1942, №1.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები