არქიმანდრიტი გიორგი (წულაია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი (წულაია) – (1881, სოფ. ათარა, სოხუმის სამხედრო განყოფილება, – 25.03.1938), არქიმანდრიტი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. უცნობია, თუ სად მიიღო სასულიერო განათლება და სად დაიწყო მსახურება. დაახლოებით, 1905 წ. იგი იხსენიება ხობის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის კრებულში. 1910 წ. 14 ოქტომბერს ათონის მთის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართული სავანის წინამძღვარი, იღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) საქართველოს ეგზარქოს ინოკენტის (ბელიაევი) სწერდა: „ამჟამად ჩემი მონასტერი, ათონის წმიდა მთაზე, საჭიროებს მღვდელ-მონაზონს. ამ ეტაპზე მართალია მონასტერში ოთხი მღვდელ-მონაზონი მყავს, მაგრამ აქედან ერთი მოხუცებულია და ვეღარ წირავს. ამის გამო უმორჩილესად გთხოვთ, ხობის მონასტრის ბერ-დიაკონი გიორგი (წულაია) იკურთხოს მღვდლად და გამოიგზავნოს ჩემთან. იგი ბერ-დიაკვნად ნაკურთხია 1906 წ. 6 აგვისტოს ალავერდის ეპისკოპოსს პეტრეს (კონჭოშვილი) მიერ და მიწერილ იქნას ხობის მონასტერში უშტატო მღვდელ-მონაზვნათ“. ეგზარქოსმა ინოკენტიმ არ შეასრულა იღუმენ ბენედიქტეს თხოვნა და ბერ-დიაკონ გიორგის კურთხევა იმ ეტაპზე არ მოხერხდა. 1913 წ. 19 ოქტომბერს მამა გიორგი სოხუმის ეპარქიაში გადავიდა და იმავე წლის 5 დეკემბერს ბედიის მონასტრის კრებულში დაინიშნა. 1913 წ. 19 დეკემბერს სოხუმის ეპისკოპოსმა ანდრიამ (უხტომსკი) მღვდლად დაასხა ხელი და კოდორის ხეობაში ეპარქიალური სამისიონერო ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნა. 1921 წ. ესწრებოდა გელათში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას. 1923 წლიდან დრანდის მონასტრის წინამძღვარია და იღუმენის პატივშია. მომდევნო წელს მონასტერი დაიკეტა და იღუმენი გიორგი ფშაპ-დრანდის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1932 წ. 28 სექტემბრიდან უკვე არქიმანდრიტის პატივი აქვს. 1935 წ. 1 ოქტომბერს კვლავ ფშაპ-დრანდის ტაძარშია. 1936 წ. შედგენილ სამღვდელოების სიაში იგი უადგილო მღვდელმსახურად იხსენიება. 1938 წ. საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა იგი დააპატიმრეს და იმავე წლის 13 მარტს სამეულმა გაასამართლა. ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10-ე მუხლის (ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მიხედვით. მიესაჯა დახვრეტა. განაჩენი 25 მარტს აღასრულეს.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 48, აღწერა 1, საქმე №52851; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს არქივი, ფ. 6, საქმე №23345; საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე №1630;
  • Журн. «Вестник Грузинского Экзархата», 1913 г. №23; 1914 г. №1.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები