არშა
არშა – სოფელი და ბალნეო-კლიმატური საკურორტო ადგილი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდიდან 5 კმ-ში, სამხრეთ- დასავლეთით, მდინარე თერგის ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ზღვის დონიდან 1760 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ჰავა – ზომიერად ნოტიო, შუა მთის ზედა სარტყლის. იცის შედარებით მშრალი, ზომიერად ცივი ზამთარი, მდგრადი თოვლის საფრით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,1°C. ზაფხული გრილი და ხანგრძლივია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18,5°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 70%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა − 696 მმ-ს. წვიმების მაქსიმუმი მოდის მაისზე, ხოლო მინიმუმი − იანვარზე.
არშა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია მეორადი სუბალპური მდელოებით.
არშის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური წყლები და აეროიონებით გაჯერებული შუა მთის ზედა სარტყლის ჰაერი. მინერალური წყლები მიიღება ორი გამოსავლიდან, რომელიც მოიპოვება არშის მიდამოებში, მდინარე თერგის ხეობაში. ერთი გამოსავლის (ჭაბურღილი №4) წყალი არის დაბალი მინერალიზაციის (M-5,4 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, ხოლო მეორე გამოსავლის (წყარო) – სუსტი მინერალიზაციის (M-0,6-1,3 გ/დმ3) ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ- ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი.
არშაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა) და პასიური კლიმატოთერაპია.
სავარაუდო ჩვენებები არშაში წასასვლელად: დასვენება; კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების პათოლოგიები; ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის ფუნქციური დარღვევები; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები.
ტურისტული ობიექტები:
არშასა და მის მიდამოებში (არშისა და გარბანის (IX-X საუკუნეები), გერგეტის ყოვლადწმიდა სამების (XIV საუკუნე) და სიონის (შუა საუკუნეები) მართლმადიდებლური ეკლესიები; ბეთლემის გამოქვაბული (შუა საუკუნეები) გერგეტის მყინვარის მახლობლად; სნოს ( XVII საუკუნე), არშისა და დარიალის ციხესიმაგრეებისა და კოშკების (შუა საუკუნეები) ნანგრევები და სხვ.).