ასპინძა (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასპინძა – (ინგლ. Aspindza, რუს. Аспиндза), ბალნეო-კლიმატური კურორტი საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ცენტრი, დაბა. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდ. ოთის შესართავთან, თბილისიდან 248 კმ-ში, ზღვის დონიდან 1050-1090 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი - მთაგორიანი.

ჰავა – შუა მთის ქვედა სარტყლის, შეხამებული ველის ჰავასთან. იცის ზომიერად ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2°C. ზაფხული ხანგრძლივია, თბილი და მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20,3°C. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 9,4°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 64%-ია, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა 469 მმ-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათია წელიწადში.

კურორტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ველის მცენარეულობა და კლდეთა ქსეროფიტები.

ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ასპინძის მიდამოებში, მდ. მტკვრის ხეობაში; შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა, შეხამებული ველის ჰავასთან; აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი.

მოიპოვება ასპინძის მინერალური წყლების 7 გამოსავალი (5 წყარო და 2 ჭაბურღილი). ყველა ეს წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-0,5-0,9 გ/დმ3) აზოტიანი, სუსტად სულფიდურ-ქლორიდული (ან სულფატურ-ქლორიდული), კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) მინერალური წყალი, რომელიც შეიცავს კაჟოვანმჟავას (40-45 მგ/დმ3). წყაროებისა და ერთი ჭაბურღილის (ჭაბურღილი №8) მინერალური წყლები თერმულია და მათი ტემპერატურა მერყეობს 40-42°C-ის ფარგლებში, ხოლო მეორე ჭაბურღილიდან (ჭაბურღილი №6) მიღებული მინერალური წყლის ტემპერატურაა 33°C.

ასპინძის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია მინერალური წყლის აბაზანები და პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ასპინძაში წასასვლელად: დასვენება; შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემების პათოლოგიები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

დაბა ასპინძასა და მის მიდამოებში (ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი; გამოქვაბულები, VIII-XV საუკუნების მრავალი ეკლესია, ციხე და სხვა ნაგებობა ასპინძის, ნაქალაქევის, რუსთავისა და საროს მიდამოებში).

იხილე აგრეთვე

ასპინაძა

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები