ასტუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასტუნი – (ინგლ. Astun, რუს. Астун), კლიმატური, სამთო-სათხილამურო კურორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, არაგონის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, უესკის რაიონში, ქ. უესკიდან 75 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით და ქ. პამპლონიდან 93 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს არაგონის პირენეებში, ლა-რასას მთის ძირში, ასტუნის ველზე, ზღვის დონიდან 1650-1660 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური, შუა მთის ზედა სარტყლის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -8°C. ზაფხული ზომიერად თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 20°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 79,3%, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1034 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (323 მმ), ხოლო მინიმუმი – ზამთარზე (189 მმ).

ასტუნისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე გავრცელებულია მუხნარ-წიფლნარი და ნაძვნარ-სოჭნარი.

ასტუნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ზედა სარტყლის ჰავა და აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული მთის ჰაერი.

ასტუნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.

ჩვენებები ასტუნში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ ასტუნისთვის უახლოესი ტურისტული ობიექტებია ქ. უესკაში (გოტიკური რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (XIV საუკუნე), სან-პედრო ელ ვიეხოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XII საუკუნე); ესპანეთის მეფის სასახლე (XVIII საუკუნე); მუზეუმები – რელიგიური ხელოვნების, არქეოლოგიური, უესკის პროვინციული და სხვ.) და
ქ. პამპლონაში (გოტიკური რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარი (1397-1527 წლები); პამპლონას ციტადელი და სან-სატურნინოს რომაულ-კათოლიკური ეკლესია (XV საუკუნე); ესპანეთის მეფის სასახლე (XIX საუკუნის 40-60-იანი წლები); ბაროკოს სტილში აშენებული მერიისა და ნავარის არქივის შენობები (XVII საუკუნე); მუზეუმები – რელიგიური ხელოვნებისა და ნავარის ისტორიულ- სამხატვრო; ტაკონერას პარკი და სხვ.).

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები