ასურეთი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ასურეთი — (ყოფ. ელიზაბეტალი), სოფელი და კლიმატურ-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქ. თეთრიწყაროდან 20 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ასურეთისხევის (მდინარე ალგეთის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 760 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
დამტკიცებულია როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით.
ჰავა – დაბალი მთის, ზომიერად ნოტიო. იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1,9°C. ზაფხული ხანგრძლივია და გრილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 19,5°C. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,6°C. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 71%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 792 მმ-ს.
ასურეთსა და მის მიდამოებში გავრცელებულია ჯაგეკლიანი ველის მცენარეულობა: ძეძვი, გრაკლა, ასკილი, გლერძა, ურცი, მაციტა, ძურწა, ურო და სხვ. ხეებიდან გვხდება აკაკი. ხშირია ვენახები და ხეხილის ნარგავები.
ასურეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მთის ჰავა, აეროიონებით გაჯერებული მთის ჰაერი და მინერალური წყლები. ასურეთსა და მის მიდამოებში მოიპოვება მინერალური წყლის 4 გამოსავალი. ერთი გამოსავლის წყალი სუსტი მინერალიზაციის (M-3,15 გ/დმ3) სულფატურ-მაგნიუმიან-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალია. ორი გამოსავლის წყალი არის სუსტი მინერალიზაციის (M-1,2-1,4 გ/დმ3) ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი. მეოთხე გამოსავალის წყალი – დაბალი მინერალიზაციის (M-6,74 გ/დმ3) სულფატურ-კალციუმიან-მაგნიუმიან- ნატრიუმიანი მინერალური წყალია.
ასურეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: პასიური კლიმატოთერაპია; მინერალური წყლების პერორალური მიღება (დალევა) და კუჭ-ნაწლავის გამორეცხვები ამ წყლით.
ჩვენებები ასურეთში წასასვლელად: დასვენება; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; კუჭ-ნაწლავისა და ღვიძლის, ნაღველგამომყოფი და შარდგამომყოფი გზების, ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები.