ასფალგი იულიუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იულიუს ასფალგი − (6.XI. 1919, აშაუ, ზემო ბავარია, – 13. III. 2001, მიუნხენი), გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი, ქრისტიანული აღმოსაელეთის კათედრის გამგე, ქრისტიანული მწერლობის კორპუსის არაბული სექციის გამგე. მის სახელთანაა დაკავშირებული გერმანულ ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერების აღწერა, კ. კეკელიძის „ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ისტორიის“ I ტომის გერმანულ ენაზე თარგმნა-გადამუშავება, საქართველოსა და ქართული მწერლობის შესახებ მრავალი წერილის გამოქვეყნება გერმანულ ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებში. მისი ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია (მ. თარხნიშვილთან ერთად, 1957); ძველი ქართული ენის შესწავლა საქართველოში (1958); საეკლესიო წელიწადისა და ქართული ეკლესიის უახლესი ისტორიის შესახებ (1960); ქართული ხელნაწერების აღწერილობა, დამუშავებული გერმანიის აღმოსავლურ საზოგადოებასთან ერთად (1963); პრაღაში დაცული ფრაგმენტი იაკობის ჟამისწირვის ძველი ქართული ტექსტისა (ი. იედლიჩკასთან ერთად, 1961); ქართული შტუდიების შესახებ გერმანიაში (1965); ძველი ქართული ენის მოკლე გრამატიკა (რ. ზეოლენეკთან ერთად, 1976).

ასფალგი ავტორია მრავალი სალექსიკონო სტატიისა საქართველოს, ქართული ენისა და ლიტერატურის, დამწერლობის, ეკლესიის, ქართველი მწერლების შესახებ შემდეგ გამოცემებში: „ქრისტიანული აღმოსავლეთის მცირე ლექსიკონი“, „შუა საუკუნეების ლექსიკონი“, „თეოლოგიური რეალენციკლოპედია“, „მსოფლიო ლიტერატურის ლექსიკონი“; მასვე ეკუთვნის საინფორმაციო წერილები გერმანელ აღმოსაველეთმცოდნეთა კონგრესების შესახებ (1960, 1965, 1968), რეცენზიები კ. ჩხენკელის, ი. იედლიჩკას, ა. შანიძის, ე. მეტრეველის, ი. იმნაიშვილისა და სხვათა ნაშრომებზე ჟურნალებში „Byzantinische Zeitschrift“ და „Oriens Chirstianus“.

ასფალგმა შეადგინა მ. თარხნიშვილის ნაშრომების ბიბლიოგრაფია (1959). იგი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალში „ბედი ქართლისა“. ფრანგული სერიის გამოცემის დღიდან იყო ამ ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს უცვლელი წევრი, აქვეყნებდა სტატიებსა და რეცენზიებს. ასფალგს მიმოწერა ჰქონდა ბევრ ქართველ მეცნიერთან, მათ შორის ა. შანიძესთან, ი. აბულაძესთან, ი. იმნაიშვილთან. აწვდიდა მათ გერმანულენოვან სამეცნიერო ლიტერატურას.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები