ატენის სიონის წარწერა ქალაქის აშენების შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატენის სიონის წარწერა ქალაქის აშენების შესახებ – ქართული ასომთავრული წარწერა. ამოკვეთილი 13 სტრიქონად, ატენის სიონის (გორის რაიონი, მდინარე ტანის ხეობა) სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნიშაში. წარწერა, მართალია, ასომთავრულია, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლის ასოები ისეა ამოკვეთილი, რომ ისინი ოთხხაზოვან ბადეშია განლაგებული. იგი ერთ-ერთი პირველია იმ წარწერებს შორის, რომელიც სამეცნიერო წრეებში ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1839-იდან (ფრ. დიუბუა დე მონპერეს პუბლიკაცია). წარწერა დიდი სამეცნიერო მნიშვნელობის გამო ბევრჯერაა გამოცემული და სხვადასხვა კუთხით შესწავლილი. წარწერის ტექსტი ასეთია:

† სახელითა ღმრთჲსათა. მე გურგანელმან, მირიანის ყმამან, თარხუნის ძისამან, ატენისა ციხისთავმან, ავაგე ატენს სახლნი და ქულბაგნი მას ჟამსა, ოდეს – ადიდენ ღმერთმან – ძლიერმან მეფეთა მეფემან ბაგრატ უბრძანეს მიწასა მათსა მირიანს. პატრონსა ჩემსა, სეფესა ზუარსა შიდა ქალაქისა შენებაჲ. გაუმარჯუა ღმერთმან და ბედმან მეფობისა მათისამან – ვითა სწადდა მეფობასა მათსა, ეგრე ავაშენეთ დარბაზი და ქალაქი.

შეგჳწყალნა მეფობამან მათმან სასახლენი ადგილნი და საქულბაგენი მკჳდრად, ნებიერობით გჳბოძნა მირიანს და ყმათა მისთა, რომელთაც შენებაჲ შეეძლო.

მე ავაგე სახლი და ქულბაგი და შევწირე წმიდასა სიონსა ატენისასა, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა, სალოცველად – ჰგიანმცა უკუნისამდე – ძრიელი მეფეთა მეფე ბაგრატ სევასტოსი და ძე მათი გიორგი კურაპალატი.

და სალოცველად სულისა მირიან მიწისა მათისა, გამზრდელისა პატრონისა ჩემისათჳნ დავდევ თევდორობაჲ აღაპად, გარდაიჴდიდეს მამასახლისი წინამძღუარი სიონისაჲ ვინცა იყოს“.

წარწერის ტექსტი რამდენიმე მონაკვეთად იყოფა იმის მიხედვით, თუ რა ამბებია მასში მოთხრობილი, ავტორი, ატენის ციხისთავი გურგანელი, ყოფილა ადგილობრივი დიდებულის მირიან თარხუნის ძის ყმა, მისი გაზრდილი, რომელსაც იგი თავის „პატრონს “ უწოდებს. წარწერის ამ მონაკვეთიდან დოკუმენტურად დასტურდება პატრონყმობის ინსტიტუტის არსებობა XI ს. საქართველოში. ამ მონაკვეთიდან ისიც ჩანს, რომ მეფე ბაგრატ IV-ს (1027–72) მირიან თარხუნისძისთვის უბრძანებია ქალაქის აშენება „სეფესა ზუარსა შიდა“, ე. ი. სამეფო ზვრების (ვენახების) ტერიტორიაზე. ეს ცნობა არის დოკუმენტური მოწმობა ახალი ქალაქების მშენებლობისა XI ს. საქართველოში. მირიანს მეფის ეს დავალება შეუსრულებია და აუგია ქალაქი და „დარბაზი“, როგორც ჩანს, სამეფო რეზიდენცია. წარწერის ტექსტის შემდეგი მონაკვეთიდან ჩანს, რომ მომავალი ქალაქის მშენებლობის ადგილას მეფის ბრძანებით სასახლეთა და საქულბაქეთა ასაშენებლად ადგილები ცალკეულ პირებზე გაუციათ („მკჳდრად, ნებიერობით“, ბოძებით). მათ შორის ყოფილან მირიანი, მისი ყმა – ატენის ციხისთავი გურგანელი და სხვა ყმები, ოღონდ ის პირები, „რომელთაცა შენებაჲ შეეძლო“. გურგანელს აუგია სახლი და ქულბაქი (სავაჭრო დუქანი), რომელიც მეფეთა სალოცავად ატენის სიონისთვის შეუწირაეს. დასასრულ, გურგანელს თავისი გამზრდელი პატრონის („გამზრდელისა პატრონისა ჩემისათჳნ“) მირიანის სახელზე შეწირულების სანაცვლოდ სააღაპე დღე თევდორობაი (დიდმარხვის პირველი შაბათი) დაუდგენია. მაშასადამე, წარწერა შინაარსით საამშენებლოცაა – ქალაქის აშენების შესახებ მოგეითხრობს (ამ მხრიე იგი უნიკალურია, მსგავსი შინაარსის სხვა წარწერა ქართული ეპიგრაფიკაში უცნობია) და ეპიგრაფიკული საბუთიც – მასში აღნიშნულია ეკლესიისთვის გარკვეული შეწირულობის გაღებისა (სახლი, ქულბაქი) და სანაცვლოდ სააღაპე, ე. ი. მოსახსენიებელი დღის დადგენის შესახებ.

წარწერის შესრულების ქვედა თარიღია 1060, როდესაც ბაგრატ IV პირველად იხსენიება სევასტოსის ტიტულით ღულალისის (ყულალისის, კულალისის – ჯავახეთში) წარწერაში, ხოლო ზედა თარიღია ბაგრატ IV-ის გარდაცვალების წელი, ე. ი. წარწერა თარიღდება 1060–72-ით. ი. ჯავახიშვილი თარიღის ჩარჩოს უფრო ავიწროებდა და განსაზღვრავდა 1060–68-ით, რადგან 1068-იდან თურქ-სელჩუკების შემოსევა დაიწყო საქართველოში, ხოლო შემდეგ – ბრძოლები თბილისის საამიროს წინააღმდეგ და შეუძლებელი იქნებოდა ისეთი მშვიდობიანი კულტურული სამუშაოს ჩატარება, როგორიც ქალაქის მშენებლობააო. როგორც შემდეგ გაირკვა, თურქ-სელჩუკთა შემოსევა საქართველოში 1066 (თრეხვის წარწერა) და, შესაძლოა ამაზე ადრეც (მირაშხანის წარწერა) დაიწყო; ამგვარად, ატენში ქალაქის მშენებლობას და, შესაბამისად, ამ წარწერის ზედა თარიღს ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ. თ.ჟორდანია წარწერას, რაიმე არგუმენტაციის გარეშე, 1058-64 ათარიღებდა.

მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებთან ერთად, წარწერა შეიცავს საინტერესო ენობრივ ფაქტებს – მასში მრავლადაა ცოცხალი მეტყველების ფორმები: ძრიელმან (ჰარალელურად – ძლიერმან), გაუმარჯუა, შიდა, ვითა, ეგრე გამზრდელი; მკვეთრად გამოხატულ დიალექტიზმადაა ჩათვლილი „ჩემისათჳნ“ (გამზრდელისა პატრონისა ჩემისათჳნ“). ტექსტში ორ ადგილას ჩართულია ხუტბა („ადიდენ ღმერთმან“, „ჰგიანმცა უკუნისამდე“) – თხრობა წყდება და გარკვეული, ხშირად ტრაფარეტული ფორმულებით გადმოცემულია ქება-დიდება ან ლოცვა-კურთხევა. ცნობილია, რომ ეს აღმოსავლური, არაბულ მუსლიმური სამყაროს სამწერლობო სტილისთვისაა დამახასიათებელი (არ არსებობს ისტ. საბუთი ხუტბის ფორმულის გარეშე: ხშირია ყურანშიც…), ქართული წერილობით ძეგლებში არაბობის შემოსვლასთან ერთად ვრცელდება; XII-XIII სს. წარწერებშიც გამონაკლისის სახით გვხვდება, შემდეგ აღარ იხმარება (პირველად დასტურდება მაჩხანის – თბილისის მახლობლად, IX ს-ის წარწერაში ჰომად კიტრის ძისა, ანუ ალკიტრიჭისა, როგორც წარწერაში არაბულად ჩაწერილი სიტყვებითაა აღნიშნული). ეპოქის ენობრივი ეტიკეტის დამახასიათებელ გამოთქმებად ითვლება წარწერის შემდეგი ნაწილები: „მეფეთა მეფემან ბაგრატ უბრძანეს მიწასა მათსა მირიანს, პატრონსა ჩემსა” ან „სალოცველად სულისა მირიან მიწისა მათისა, გამზრდელისა პატრონისა ჩემისათჳნ“.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ბარნაველი თ. ატენის სიონის წარწერები. თბ. I957;
  • ბაქრაძე ა. თრიალეთისა და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები, როგორც ისტორიული წყარო, – „საქართვ. სახელემწ. მუზეუმის მოამბე”, ტ. 20- B. თბ., 1959;
  • დანელია კ. სარჯველაძე,. ქართული პალეოგრაფია. თბ. I997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები