აული (კურორტი ყაზახეთში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აული – (ინგლ. Aul, რუს. Аул), კლიმატო-ბალნეო-პელოიდური, კუმისით სამკურნალო კურორტი აღმოსავლეთ ყაზახეთში, სემეის ოლქში, ქ. სემეიდან (ყოფილი ქ. სემიპალატინსკი) 90 კმ-ში, ხოლო რკინიგზის სადგურ აულიდან 4 კმ-ში, აღმოსავლეთით. მდებარეობს ტბა გორჩინის ნაპირზე, ზღვის დონიდან 270 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.

ჰავა – კონტინენტური, ველის. ზამთარი ცივია. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -16°C. ზაფხული ზომიერად თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 21°С. ნალექების წლიური რაოდენობა 300 მმ-ია. წვიმები, ძირითადად, მოდის ზაფხულში.

კურორტი აული მდებარეობს ფიჭვნარის პირას. აულის მიდამოების დანარჩენი ტერიტორია დაფარულია ველის მცენარეულობით: ვაციწვერა, თივაქასრა, შვრიანა, ტიტები და სხვ. გორჩინის ტბის ნაპირებზე გავრცელებულია ლელქაში.

კურორტ აულის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ველის ჰავა, გორჩინის ტბის ლამის სულფიდური სამკურნალო ტალახი და აღნიშნული ტბის დაბალი მინერალიზაციის ქლორიდულ-კალციუმიანი რაპა.

კურორტ აულის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: პასიური კლიმატოთერაპია; ლამის სამკურნალო ტალახის აბაზანები, აპლიკაციები და ტამპონები; ტბის მინერალური რაპის აბაზანები.

ჩვენებები კურორტ აულში წასასვლელად: სხვადასხვა ფორმის ტუბერკულოზი, კომპენსაციის ან სუბკომპენსაციის ფაზაში.

ტურისტული ობიექტები:

კურორტ აულში (მეჩეთი (XX საუკუნის II ნახევარი), ტბა გორჩინი და სხვ.) და ქ. სემეიში (მეჩეთები – ერთმინარეთიანი და ტინიბაი კაუკენოვის (XIX საუკუნის პირველი ნახევარი), ორმინარეთიანი მეჩეთი (1856-1862 წლები); უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი (1856 წელი); ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის რომაულ-კათოლიკური პოლონური ეკლესია; ანარ მოლდიბაევის სახლი (1870 წელი); ყოფილი ვაჟთა გიმნაზიის შენობა (ამჟამად მ. აუეზოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი) (1872 წელი); გუბერნატორის ყოფილი სახლი (1856 წელი); ჩინეთის საკონსულოს შენობა (1910 წელი); იამიშევის ჭიშკარი (1873 წელი); მუზეუმები – ისტორიულ-მხარეთმცოდნეობისა და ნევზოროვების ოჯახის სახელობის გამოყენებითი ხელოვნების; ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმები – აბაის და თ. დოსტოევსკის; ძეგლები – აბაი კონანბაევის, თ. დოსტოევსკის, რ. ველიხანოვის და სხვ.; მემორიალები – სამოქალაქო ომისა და რევოლუციის გმირებისადმი მიძღვნილი, გამარჯვების, ბირთვული იარაღის გამოცდის მსხვერპლებისადმი მიძღვნილი და სხვ.; კიდული ხიდი მდინარე ირტიშზე (2000 წელი) და სხვ.).


წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები