აუტიზმი ბავშვთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუტიზმი ბავშვთა - (F84.0), (autism, shildhood), განვითარების ზოგადი აშლილობა, გამოვლენილი განვითარების ანომალიით ან დარღვევებით 3 წლამდე ასაკში, რომელიც ხასიათდება ფუნქციონირების დარღვევის ტრიადით – სოციალური ურთიერთქმედების (ინტერაქციის) დარღვევა, კომუნიკაბელურობის დარღვევა და შეზღუდული, სტერეოტიპული, განმეორებადი ქცევა. ამ სპეციფიკური დიაგნოსტიკური ნიშნების გარდა, შესაძლებელია შეინიშნებოდეს მთელი რიგი არასპეციფიკური გამოვლინებებისა: ფობიები, ძილის და კვებითი დარღვევები, ფეთქებადობა გამღიზიანებლობით, აგრესია (აუტოაგრესია). (ჯმოს- ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ეს მდგომარეობა აღწერა კანერმა (Kanner, 1943), რომელმაც შემოიღო ტერმინი „ინფანტილური აუტიზმი” (ბავშვთა ადრეული აუტიზმი). ეს აშლილობა ICD-10-ში შესულია ბავშვთა აუტიზმის, ხოლო DSM-IV-ში - აუტისტური აშლილობების სახელწოდებით.

სარჩევი

კლინიკური ნიშნები

თავის ამ პრობლემასთან დაკავშირებულ პირველ ნაშრომში კანერმა (1943) გამოყო ძირითადი ნიშნები, რომლებიც ორივე კლასიფიკაციაში დღემდე დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებად გამოიყენება. აუტიზმის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა არსებობდეს შემდეგი სამი ჯგუფის სიმპტომები:

  1. სოციალური განვითარების დარღვევები;
  2. კომუნიკაციის დარღვევები;
  3. ინტერესთა სფეროს შეზღუდვა და ქცევების გაღარიბება.

ამ დარღვევათაგან აუტიზმისთვის ყველაზე სპეციფიკური სოციალური განვითარების ანომალიაა. კლინიკური სურათი განსხვავებულია როგორც სხვადასხვა პაციენტში, ასევე სხვადასხვა ასაკში.

განვითარების დარღვევები, როგორც წესი, თვალსაჩინო ხდება 3 წლამდე. აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილობაშიც შეიძლება გამოვლინდეს, მაგ., 12 თვის ასაკში ასეთი პატარები არ ღუღუნებენ ან არ მიანიშნებენ საგნებზე, არ იმეორებენ ბგერებს, იჩენენ ზემგრძნობელობას ხმაურის მიმართ და არ უყვართ ცვლილებები.

სოციალური განვითარების დარღვევები

აუტისტურ ბავშვებს უჭირთ ადამიანებთან თბილი ემოციური კავშირების დამყარება (აუტისტური მარტოობა), არ რეაგირებენ მშობლების ღიმილზე ან საუბარზე, მათ არ მოსწონთ, როდესაც დედა იხუტებს ან კოცნის. ისინი პრაქტიკულად არ იჩენენ ინტერესს უცნობი ადამიანების მიმართ. ერთნაირად ექცევიან ადამიანებსა და საგნებს. განსაკუთრებით დამახასიათებელია მზერის აცილება, ანუ ისინი არ ამყარებენ მზერით კონტაქტს.

კომუნიკაციის დარღვევები

ბავშვი გვიან იწყებს ლაპარაკს ან საერთოდ არ იწყებს. ზოგჯერ მეტყველება ნორმალურად ვითარდება 2 წლამდე და შემდეგ განიცდის სრულ უკუგანვითარებას. მეტყველების გაღარიბება მიუთითებს მწვავე კოგნიტურ დეფიციტზე. ასაკის მატებასთან ერთად, აუტისტური ბავშვების თითქმის ნახევარი ახერხებს რამდენიმე აუცილებელი სიტყვის დასწავლას. აუტიზმის დროს გამოხატულია ნაცვალსახელების გამოყენების პრობლემები და სხვა ადამიანების მიერ ნათქვამი სიტყვების არასწორად გამეორება (ექოლალია). აუტისტი ბავშვი შეიძლება ზედმეტად ბევრსაც ლაპარაკობდეს, თუმცა ამ დროს მისი მეტყველება განმეორებადი ფრაზებისგან შედგება და უფრო მონოლოგია, ვიდრე ვინმესთან საუბარი.

კოგნიტური დეფიციტი გავლენას ახდენს არავერბალურ კომუნიკაციასა და თამაშის ხასიათზეც. აუტისტი ბავშვები არ მონაწილეობენ იმიტაციურ თამაშებში და ვერ თამაშობენ თოჯინებით. მათ წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარები დაქვეითებული, ცუდად განვითარებული აქვთ.

ინტერესების დაქვეითება და ქცევების გაღარიბებ

აუტისტური ბავშვის სტერეოტიპული მოქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც უცვლელობისა და ერთგვაროვნების აკვიატებული სურვილი. გარემოში უმნიშვნელო ცვლილებები იწვევს დისტრესს, რაც გამოიხატება, მაგ., იმაში, რომ მას აქვს სურვილი მიიღოს ერთი და იგივე საკვები, ატაროს ერთი და იგივე ტანსაცმელი, გაიმეოროს თამაშები. ზოგი ბავშვი ეჯაჭვება ნაჭრის ნაქსოვ თოჯინას.

აუტისტი ბავშვებისთვის დამახასიათებელია უცნაური ქცევა და მანერიზმი, ტრიალი ერთ ადგილზე, თითების (დიდი თითებით) წრიული მოძრაობები, ტაშის შემოკვრა ან ხელების ქნევა. თუმცა, ზოგი თავის ქცევებით შეიძლება არ განსხვავდებოდეს ჯანმრთელი ბავშვებისგან.

სხვა მახასიათებლები

აუტისტმა ბავშვებმა შეიძლება უცაბედად, თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, გამოავლინონ ბრაზი ან შიში. შეიძლება იყვნენ ჰიპერაქტიურები ან დესტრუქციულები, ეძინოთ ცუდად, ვერ აკონტროლებდნენ შარდვასა და კუჭის მოქმედებას. არ არის გამორიცხული თვითდაზიანებაც. პაციენტების დაახლოებით 25%-ს მოზარდობაში უვითარდება კრუნჩხვა.

ინტელექტის დონე

კანერს (Kanner) სჯეროდა, რომ აუტისტი ბავშვების ინტელექტი ნორმის ფარგლებშია. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების 3/4-ის ინტელექტუალური კოეფიციენტი გონებრივი ჩამორჩენილობის ფარგლებშია, რაც ინტელექტუალურ დაქვეითებაზე მიუთითებს (Rutterand Lockyer, 1967). დაბალი ინტელექტის მიუხედავად, ზოგი ბავშვი ავლენს განსაკუთრებულ, მაგრამ არჩევით უნარს, მაგ., მათემატიკის ან დამახსოვრების (Hermelin and O’Connor, 1983).

ეპიდემიოლოგია

აუტიზმის გავრცელების სიხშირე 1/1000 ბავშვზეა და 4-ჯერ მეტია ბიჭებში, ვიდრე - გოგონებში (Fombonne, 2003), ხოლო აუტისტური სპექტრის დაავადებების გავრცელების სიხშირე 5-6 ბავშვია 1000-ზე (LeCouteur and Baird, 2003). ბოლო წლებში აუტისტური ბავშვების რიცხვმა იმატა, რაც, შესაძლოა, გამოიწვია დეფინიციის ცვლილებამ და დიაგნოსტიკის გაუმჯობესებამ (Barbaresi, et al., 2005).

ეტიოლოგია

ბავშვთა აუტიზმის განვითარების მიზეზები დღემდე უცნობია, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი სოციალური, კომუნიკაციური და ქცევითი დარღვევები არა ერთ, არამედ მრავალ ნეირონულ სისტემას მოიცავს.

გენეტიკური ფაქტორები

ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორების გათვალისწინება. სავარაუდოდ, აშლილობის განვითარებაში რამდენიმე გენი მონაწილეობს. ზოგად პოპულაციასთან შედარებით, აუტიზმი უფრო ხშირად (50-ჯერ მეტად) დაავადებულთა და-ძმებს ემართებათ (Rutter et al., 1990). რამდენიმე კვლევით გამოვლინდა უფრო მეტი სიხშირე მონოზიგიტურ, ვიდრე დიზიგოტურ ტყუპებში (მაგ., Rutter et al., 1993, Bailey et al., 1995), თითქმის 90%-იანი ალბათობით. კოგნიტური აშლილობები უფრო ხშირად ემართებათ აუტისტი ბავშვების და-ძმებს, ვიდრე ზოგადი პოპულაციის წარმომადგენლებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ფენოტიპი უფრო ფართოა, ვიდრე ის სინდრომები, რომლებიც ამჟამად აუტიზმის კრიტერიუმებადაა მიჩნეული (Bailey et al., 1998). აუტიზმი განსაკუთრებით დაკავშირებულია მე-2, მე-7, და მე-15 ქრომოსომებთან (Veenstra-Van der Weele and Cook, 2004).

ტვინის ორგანული დაავადება

ტვინის სტრუქტურულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ აუტისტი ბავშვების ტვინი უფრო დიდი მოცულობისაა, ვიდრე ჯანმრთელების. ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევებით დაგროვდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია აუტიზმის დროს თავის ტვინში არსებული ცვლილებების შესახებ. დაფიქსირებულია ჰიპოაქტივობა ამიგდალას, ფრონტალურ და ტემპორალურ უბნებსა (რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალურ ფუნქციონირებაში) და კეფა-საფეთქლის (თითისტარისებრი) ხვეულის მიდამოში (რომელიც მონაწილეობს სახეების ამოცნობაში).

სხვა ბიოლოგიური მიზეზები

ბავშვების ერთ მესამედს აქვს მომატებული პერიფერიული სეროტონინის დონე. იშვიათ შემთხვევაში, აუტიზმი ასოცირდება მყიფე X სინდრომთან, რეტის სინდრომთან და ტუბეროზულ სკლეროზთან. აუტისტური ბავშვების 10%-ს აქვს სხვადასხვა სომატური პრობლემები (Rutter et al., 1994).

მშობლების არასწორი ზრუნვა

კანერის (Kanner, 1943) ყველაზე ხშირად ციტირებად კვლევაში აუტიზმი განხილულია, როგორც ბავშვის საპასუხო რეაქცია ცივი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და ობსესიური მშობლების ქცევაზე. კანერის ეს მოსაზრება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული (Koegel et al., 1983). ამჟამად ითვლება, რომ მშობლების ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ანომალიებს განაპირობებს, ერთი მხრივ, აუტისტური ბავშვის აღზრდის პრობლემები, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გენების მანიფესტაცია რომლებიც იწვევენ აუტიზმს ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ მშობლების როლის მნიშვნელობა დამტკიცებული არ არის, გავრცელებული აზრი არასწორი ზრუნვის შესახებ მშობლებში იწვევს მნიშვნელოვან დისტრესს.

აუტიზმის გონების თეორია

ეს თეორია ცდილობს გამოავლინოს ბაზისური ფსიქოლოგიური დარღვევები აუტიზმის დროს. მაგ., ითვლება, რომ 4 წლის ასაკში ჯანმრთელ ბავშვს აქვს უნარი მიხვდეს, თუ რას ფიქრობენ სხვები. ამასთან დაკავშირებით ჩაატარეს ცდა: ჯანმრთელი ბავშვი რჩება ოთახში მეორე ბავშვთან ერთად, რომელსაც ჯერ უჩვენებენ სათამაშოს შენახვის ადგილს და შემდეგ სთხოვენ დატოვოს ოთახი. სანამ მეორე ბავშვი ოთახიდან გასულია, სათამაშოს უცვლიან ადგილს. ოთახში დარჩენილი ჯანმრთელი ბავშვი მოელის, რომ უკან დაბრუნებული ბავშვი სათამაშოს იქ მოძებნის, სადაც ის მის თვალწინ შეინახეს, ხოლო აუტისტი ბავშვი ამას ვერ ხვდება და ამბობს, რომ უკან მობრუნებული ბავშვი სათამაშოს იმ ადგილზე მოძებნის, სადაც გადაიტანეს. ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ რატომ არ შეუძლია აუტისტ ბავშვს განსაზღვროს, თუ რა იციან ან რას მოელიან სხვები, ასევე არ არის ცნობილი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დეფიციტი აუტიზმის ფსიქოპათოლოგიისთვის.

სხვა შესაძლო „მთავარ” ფსიქოლოგიურ დარღვევებს აუტიზმის დროს მიეკუთვნება შუბლის წილის აღმასრულებელი ფუნქციების (დაგეგმვისა და ორგანიზების უნარის) დეფიციტი. ამის შედეგია პერსევერაცია, ცუდი თვითრეგულირება და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციიდან ძირითადი აზრის გამოყოფის უუნარობა. ყველა ეს დარღვევა აუტიზმის კლინიკურ სურათში მისი ფსიქოლოგიის მხოლოდ ნაწილს წარმოადგენს.

პროგნოზი

აუტისტური ბავშვების დაახლოებით 10-20%-ის მდგომარეობა უმჯობესდება 4-6 წლის ასაკისთვის. მათ, ჩვეულებრივ, სკოლაში სწავლა და მუშაობაც შეუძლიათ. სხვა 10-20% შეიძლება დარჩეს სახლში; მათ სპეციალური სწავლება ან ტრენირება ესაჭიროებათ. ისინი ბოლომდე დამოკიდებულნი არიან ოჯახებს ან სპეციალურ სერვისებზე. დარჩენილი 60%-ის მდგომარეობა უმნიშვნელოდ იცვლება. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება. უმრავლესობა საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონირებას. გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი შეიძლება ისევ გამოხატული იყოს მეტყველების პრობლემები, ემოციური სიცივე და უცნაური ქცევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდ ნაწილს მოგვიანებით ეპილეფსიური კრუნჩხვა უვითარდება. პროგნოზულად დადებითად ითვლება შედარებით მაღალი ინტელექტი და 6 წლის ასაკისთვის კომუნიკაციური მეტყველების არსებობა. თუმცა, ნორმალური ინტელექტის ფარგლებშიც გამოსავალი განსხვავებულია (Howlin et al., 2004). (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

სინონიმი

  • ინფანტილური აუტიზმი (infantile autism)
  • კანერის სინდრომი (Kanner syndrome)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები