აფაქიძეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფაქიძეები − თავადთა საგვარეულო დასავლეთ საქართველოში. აფაქიძეთა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ისტორიულად ცნობილი პირი ჩხაგუს ძე ცოტნე აფაქიძეა, რომელიც იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის აღაპებში მოიხსენიება. როგორც ჩანს, ამ ცოტნეს ეკლესიის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღოდა, რადგან მისთვის „აღაპი საუკუნო“ არის დაწესებული. ცოტნე აფაქიძე XII-XIII სს. მოღვაწე უნდა იყოს.

აფაქიძეთა სათავადო XV ს. ჩამოყალიბდა. აფაქიძეებს ეკუთვნოდა სოფელი ზანა, უშაფათი, მუჟავა, ეკი. აფაქიძეთა ერთი შტო დამკვიდრებული იყო ზემო სამეგრელოში სოფელი საჩინოში (წალენჯიხასთან). აქ, საჩინოს გარდა, ისინი ფლობდნენ (მთლიანად ან ნაწილობრივ) სოფელ კუხეშს, ნაგურუს, ეწერს. ზემო სამეგრელოში აფაქიძეთა სათავადოს ცენტრად ითვლებოდა სოფელი ეწერი („სააფაქიო ეწერი“). საგვარეულო საძვალე ჰქონდათ წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში.

აფაქიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ოდიშის სამთავროში განსაკუთრებით დაწინაურდნენ XVII საუკუნიდან. დადიანების კარზე ისინი ფლობენ სახლთუხუცესის, მოლარეთუხუცესის, დადიანთა „საპატრონოს“ გამგებლების თანამდებობებს. აფაქიძეები დაწინაურებული ჩანან საეკლესიო ასპარესზედაც. 1616-1644 წწ. ჭყონდიდელ ეპისკოპოსად ზის ევდემონ აფაქიძე. ამ მღვდელმთავარმა 1644 წ. მოაჭედვინა და შეამკო მარტვილის ხატი. ასევე მოაჭედვინა და მარტვილის მონასტერს შესწირა სახარება. ევდემონი გამოსახულია მარტვილის ტაძრის კედელზე, სამხრეთ კარის მარჯვენა მხარეს წარწერით: „მამა ჭყონდიდელი ევდემონ აფაქიძე“.

XVIII ს. II ნახევრიის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე იყო ლეჩხუმის საირმის უდაბნოს არქიმანდრიტი ლაზარე აფაქიძე. 1780 წ. ცაგერელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (დადიანი) ამ უდაბნოს შესწირა მის მიერ „ნასყიდი ვაჭრები“ და რამდენიმე კომლი „ურია“, რომლებიც „ღირსს მამა“ ლაზარე აფაქიძეს ჩააბარა. აფაქიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სოლომონ I-ის მიერ 1759 წ. მოწვეულ საეკლესიო კრებაში.

ვ. კოროტკოვა

ლიტერატურა

სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 3, თბ., 1990.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები